ბათუმში საუბნო კავშირების შექმნა დაიწყო

საუბნო კავშირების შექმნასთან დაკავშირებით დღეს, 7 მარტს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკრებულოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. საუბნო კავშირები საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან დაკომპლექტდება ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ამ კავშირებმა მერიას კონკრეტულ პრობლემებზე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.

„ეს იქნება საშუალება მეტი ჩართულობისთვის,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე ბათუმის მერმა. ლაშა კომახიძის თქმით, წლების განმავლობაში ბიუჯეტს მიღმა რჩება წვრილმანი საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება.

„ცალკეული მოქალაქეები კი მიმართავენ მერიას, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. ერთი სიტყვით, ბიუჯეტს ამ ნაწილში სჭირდება მეტად დაბალანსება. საუბნო კავშირებმა უნდა მოაგროვონ პრობლემები, ფორმულირება გაუკეთონ მათ და მიაწოდონ მერიის შესაბამის სამსახურებს,“ – თქვა ლაშა კომახიძემ.

საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების აკადემია“ განახორციელებს. ამ ორგანიზაციამ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე მოიგო და მასთან 22 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება 32 414 ლარზე.

„მიმდინარეობს წესდების დამუშავების პროცესი… ჩვენ შევხდებით თითოეული ამხანაგობის თავმჯდომარეს,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ, „განვითარების აკადემიის“ წარმომადგენელმა.

ტენდერის გამოცხადების დროს მერიის ეს ინიციატივა „ევროპულმა საქართველომ“ გააპროტესტა. ამ პარტიამ სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც მოსახლეობის ნაცვლად ამომრჩეველი იყო მითითებული. „ევროპულმა საქართველომ“ მაშინ განაცხადა, რომ საუბნო კავშირებს რეალურად ამომრჩევლების მობილიზებისთვის ქმნის ბათუმის მერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი