მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია: მერიის ანსამბლის წევრები რუსეთში არ მიდიან

07.03.2018 • 2068
ბათუმის მერია: მერიის ანსამბლის წევრები რუსეთში არ მიდიან

ბათუმის მერია არ არის იმ ღონისძიების პარტნიორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით რუსეთში ტარდება. „ეს არის დეზინფორმაცია და ვაპირებ უახლოეს პერიოდში დავუკავშირდე ამ პორტალის ადმინისტრაციას და მოვთხოვო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

საუბარია ფორუმზე – „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ“, რომელიც რუსეთში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში ტარდება. ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ბათუმიდან და რუსთავიდან – პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს „პეტროზავოდსკს, კონდოპოგსა და მედვეჟეგორსკს ბათუმიდან და რუსთავიდან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ეწვევიან. ბათუმის მერიის მუსიკალური ცენტრის ანსამბლის სოლისტების მიერ შესრულდება კავკასიის ხალხების მელოდიები და ცეკვები “.

„ბათუმის მერია არ არის დამფინანსებელი ამ პროექტის და მერიის ანსამბლის წევრები იქ არ მიდიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახურის ინფორმაციით, „პროექტის პარტნიორები არიან პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაცია, კარელიის რესპუბლიკის ნაციონალური და რეგიონალური პოლიტიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ რუსთავის რუსული კულტურის საზოგადოება „როდნიკი“ [„Родник“]“.

პეტროზავოდსკის ადმინისტრაციის კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელის, სერგეი სალავიოვის სიტყვებით, „ეს პროექტი არის გაგრძელება სერიისა რუსული კულტურის დღეები საქართველოში, რომელიც 2014 წელს დიდი წარმატებით ჩაატარეს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში პეტროზავოდსკელმა არტისტებმა, ფილოლოგებმა და მუსიკოსებმა. პროექტი განხორციელდა ფონდი „რუსული სამყაროს“ «Русский мир» გრანტის მხარდაჭერით“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ „არანაირი ურთიერთობა ამ ქალაქის ადმინისტრაციასთან თუ მის სამსახურებთან [თუნდაც კულტურის სფეროში] მერიას არ აქვს. ბათუმი და პეტროზავოცკი დაძმობილებული ქალაქები არ არიან. არ ვიცით, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია“.

ამის მიუხედავად, პროპაგანდისტულ ტექსტში წერია:

„ამა წლის მაისში კულტურული ატაშე პეტროზავოდსკიდან კვლავ ეწვევა სტუმართმოყვარე საქართველოს, მზიან აჭარაში წარადგენს კარელიის მუსიკალურ, ლიტერატურულ და მატერიალურ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ კულტურული კავშირები პეტროზავოდსკსა და საქართველოს ქალაქებს შორის ყოველ წელს უფრო განვითარდება და ჩვენ უფრო ხშირად ვიხილავთ ქართველ არტისტებს ჩვენს ჩრდილოეთ მხარეში. ჩვენ კი, თბილ დახვედრას გპირდებთ“.

მთავარი ფოტო: რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროპაგანდისტული ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: