განათლება,მთავარი,სიახლეები

შს სამინისტროს აკადემია უმაღლეს განათლებას წყვეტს

07.03.2018 • 3855
შს სამინისტროს აკადემია უმაღლეს განათლებას წყვეტს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას წყვეტს და პროფესიული სასწავლებლის სტატუსით იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს.  უცნობია, რატომ მიიღო  შსს-მ ეს გადაწყვეტილება.

განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ აკადემიის სამომავლო პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა ოფიციალური განაცხადი ჯერ ხარისხის განვითარების ცენტრში არ შესულა.

„გვაქვს ეს ინფორმაცია ჩვენც, თუმცა ოფიციალური განაცხადი არ არის შემოსული. რადგან საბაკალავრო პროგრამებს აუქმებენ, შესაბამისად, არც სამაგისტრო პროგრამები ექნებათ. რატომ გადაწყვიტეს უმაღლესი განათლების პროგრამების შეჩერება, ამაზე  ჩვენ არ გვაქვს  დეტალური ინფორმაცია, კომენტარი აკადემიამ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვიცით, რომ აპირებენ ცვლილებებს“, – გვეუბნება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დათო კობახიძე.

დათო კობახიძის თქმით, შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია და ეს არ იქნება პროგრამების შეჩერების მიზეზი. „როგორც ჩანს, თვითონ აქვთ ასეთი მიდგომა. ჯერჯერობით, არც რიგგარეშე მობილობა გამოუცხადებიათ. ამიტომ,  დაასრულებენ ამ პროგრამებზე სწავლას  სტუდენტები, თუ სხვა სასწავლებლებში გადავლენ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მიგვიღია. არც ის ვიცით, ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ექნებათ თუ არა პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილი,“ – გვითხრა კობახიძემ.

აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ დაჰპირდნენ, რომ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, თუმცა  დღის განმავლობაში მათ ეს ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. აკადემიის ვებგვერდზე ჯერჯერობით ისევ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უმაღლეს განათლებას იღებენ.

აკადემიის გეგმებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მის მიღებისთანავე მოგაწვდით.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: