მთავარი,სიახლეები

ვის შეუძლია 100 ათასლარიანი გრანტის მიღება

07.03.2018 • 2159
ვის შეუძლია 100 ათასლარიანი გრანტის მიღება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციებს ატარებს.

საგრანტო პროგრამა სტარტაპების დაფინანსებას ითვალისწინებს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა იმ  მოქალაქეს შეუძლია, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს ინოვაციური იდეა და შეუძლია ეს იდეა ეკონომიკურად მომგებიანი გახადოს. კერძო და მცირე საწარმოების რეგისტრაციიდან, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, ორ წელზე ნაკლები უნდა იყოს გასული. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი, თუ ისინი შეირჩევიან, მათი დარეგისტრირება მეწარმე სუბიექტად კონტრაქტის გაფორმებამდე მოხდება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ შეხვედრა ბათუმში დღეს გამართა, რომელსაც ახალი ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება წარმოდგენილი პროექტები, არის რამდენად ინოვაციური და მაღალტექნოლოგიურია იდეა და მეორე – რამდენად ძლიერია გუნდი, რომელიც ამ იდეის განხორციელებას აპირებს. ეს მნიშვნელოვანია.  იდეები არც ერთ ქვეყანაში, არავის მიერ არ ფინანსდება. ჩვენ ვაფინანსებთ იდეებს. თქვენ უნდა დაგვანახოთ, რომ კარგი იდეა გაქვთ, ხართ საუკეთესო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამ იდეას ყველაზე უკეთ განახორციელებს და მიაწოდებს მომხმარებელს,“ – თქვა შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის პროექტ „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად საქართველოს 2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. 2018 წელს სულ 20 სტარტაპი 10%-იანი თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება. თითოეული გამარჯვებულისთვის 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამას გარდა, თითოეული გამარჯვებული უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მენტორშიფით და საერთაშორისო კონსულტანტებით. საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 6 აპრილია. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ ლინკზე შეუძლიათ.

პროფესიონალები სილიკონის ველიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან დაეხმარებიან გამარჯვებულებს, რომ  სწორად  დახარჯონ ის თანხები, რასაც ბიზნესის გასავითარებლად მიიღებენ.

გადაბეჭდვის წესი