მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იხდიან ბათუმში პარკირების გადასახადს

07.03.2018 • 4098
რატომ ვერ იხდიან ბათუმში პარკირების გადასახადს

ბათუმში პარკირების გადასახადის გადახდის კუთხით პრობლემებია. როგორც რამდენიმე მძღოლმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, გადასახადს ინტერნეტით უკვე რამდენიმე დღეა ვერ იხდიან.

„შეიძლება იყოს საბანკო ხარვეზი. ეს არა მარტო პარკირების, არამედ სხვა გადასახადებზეც მოქმედებს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ შუქის გადასახადი ვერ გადაუხდიათ, ასეთ შემთხვევებთან გვაქვს ალბათ საქმე. ჩვენ ვიცით, რომ „თიბისის“ საშუალებით ჩვეულებრივად მიმდინარეობს გადახდები და იხდის ხალხი. ამას ჩვენ ვამოწმებთ ყოველდღიურად. „თიბისის“ აპარატებიდანაც იხდიან, თუმცა დღეს დილით იყო შემთხვევა – ხარვეზი ჰქონდა ერთ აპარატს, მაგრამ სხვა აპარატით გადაიხადეს,“ – განაცხადა ირაკლი თავდგირიძემ, მონიტორინგისა და პარკირების ადმინისტრირების სამსახურის უფროსმა.

ამავე სამსახურის იურისტის, მარად სანიკიძის ინფორმაციით კი, „თავის დროზე რა რეკვიზიტებიც იყო მითითებული, შეიცვალა… დღეს გადახდა ნებისმიერ ბანკში შესაძლებელია გარდა „საქართველოს ბანკისა“. ამ ბანკსაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებით და ამ კვირის ბოლოს, პარასკევიდან აქაც ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი გადახდა. ხარვეზი მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც ინტერნეტბანკინგით ვერ იხდიან, მაგრამ მიმდინარე კვირის პარასკევს ან მაქსიმუმ, მომდევნო კვირის ორშაბათს, ეს პრობლემაც აღარ იქნება – სისტემის ცვლილება განხორციელდება, რეკვიზიტები მიწოდებულია, ლოგოც შეიცვლება“.

მიუხედავად იმისა, რომ პარკირების ადმინისტრირების სამსახურში აცხადებენ გადახდა ნებისმიერი ბანკით, მათ შორის „პროკრედიტ ბანკითაც“ არის შესაძლებელი, ამ ბანკის მომხმარებლები პარკინგის საფასურს ინტერნეტბანკინგით ვერ იხდიან. „პროკრედიტ ბანკმა“ ისინი ადრე გააფრთხილა, რომ „მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან პროკრედიტ ბანკში გაუქმდა ბათუმი პარკინგი, ბათუმი პარკინგის ჯარიმების და ბათუმი ევაკუაციის გადახდები“.

„გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ხარვეზის სქრინი, რომ შევძლოთ საკითხის მოკვლევა… მადლობას გიხდით საკითხის დაფიქსირებისთვის. ჩვენ განვიხილავთ მას და გიპასუხებთ მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში“ – ეს „თიბისი ბანკმა“ მისწერა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც დღეს პარკინგის საფასური ვერ გადაიხადა.

მძღოლები ბათუმში პარკირების წესებში მოსალოდნელ ცვლილებებზეც საუბრობენ. ირაკლი თავდგირიძის თქმით კი, არც წესებში და არც ფასების კუთხით, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ცვლილება არ იგეგმება. თუმცა პარკირების ადმინისტრირების სამსახურში სამომავლოდ ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

„საკრებულო ადგენს ფასს. ამ ეტაპზე რაიმე წერილი ჩვენგან ფასების შეცვლაზე საკრებულოში გაგზავნილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია იყოს სამომავლოდ, პერსპექტივაში, ეს უნდა გადაწყვიტოს არა ერთმა და ორმა პიროვნებამ, არამედ მენეჯმენტმა და კარგად უნდა დაიგეგმოს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით არ მაქვს,“ – ამბობს მარად სანიკიძე.

მონიტორინგისა და პარკირების ადმინისტრირების სამსახური დღეს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შემადგენლობაშია.

ბათუმში პარკირების გადასახადი

1 დღით – 1 ლარი, 7 დღე – 5 ლარი, 30 დღე – 10 ლარი, 182 დღე – 25 ლარი და 365 დღე – 40 ლარი;

ტაქსების პარკირება: 10 დღე – 10 ლარი, 20 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 30 ლარი;

დროის მონაკვეთების მიხედვით [პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების ადგილებით სარგებლობისთვის]: 1 საათამდე დგომა – 50 თეთრი, 2 საათამდე – 1 ლარი, 2 საათიდან ყოველი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში – 1 ლარი;

სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა: 1 დღე – 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 182 დღე – 150 ლარი და 365 დღე – 250 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: