მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო

07.03.2018 • 2700
ქალი, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო

„ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა ჰემატომები, ნაკაწრები…“ – ეს ექიმებმა ჩაუწერეს მ.ტ.-ს, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. ექიმთან იგი მას შემდეგ მივიდა, როცა მონობას თავი დააღწია. სასამართლო დაახლოებით სამი საათი ისმენდა მსხვერპლის ჩვენებას. თქვა, რომ აშინებდნენ მცირეწლოვანი შვილის დაკარგვით, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დატოვა, ასევე მამით, რომელიც სასულიერო პირია და ის სექსუალურ ინდუსტრიაში ჩართვას არ აპატიებდა. მსხვერპლმა ასევე უთხრა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, რომ მას ამ ორი წლის განმავლობაში ხშირად სცემდნენ და ერთხელ დანაც დაარტყეს.

„უზბეკეთში საავადმყოფოში ვმუშაობდი სანიტრად. ქმარს დავშორდი, მეზობლის ქალმა დ.ს.-მ შემომთავაზა, ბათუმში წაგიყვან, კარგი კონტაქტები მაქვს, საავადმყოფოში იმუშავებ იქაც მედდად და თვეში 500 დოლარი გექნებაო. შვილი დავტოვე და წამოვედი… როცა ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მიმიყვანა, მოკლე კაბები მომაყარა, ესენი ჩაიცვი, დაივიწყე საავადმყოფოო. გავაპროტესტე, მცემა. 10 ათასი დოლარი გაქვს ჩემი ვალი და მაშინ ის დამიბრუნეო“, – თქვა ტრეფიკინგის მსხვერპლმა სასამართლოში.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მას აიძულეს სექსუალური მომსახურების გაწევა და პერიოდულად აშინებდნენ იმით, რომ მისი ოჯახის წევრები სინამდვილეს გაიგებდნენ.

„ერთხელ თითქოს პურის საყიდლად ჩავედი მაღაზიაში და გავიქეცი გზაზე. ის ზვიადის ტაქსით დამეწია და მომაბრუნა. გზაში პოლიციის თანამშრომლები დამანახა და დამემუქრა, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუ კიდევ გაიმეორებ, აღარ გაპატიებო,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

სასამართლოს ჩვენება მისცა ზვიად ბ.-მაც, ტაქსის მძღოლმა, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში დაასახელა მსხვერპლმა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბევრჯერ უნახავს თვალცრემლიანი მსხვერპლი. „ისინი მანქანაში ხშირად ჩხუბობდნენ. უზბეკურად ლაპარაკობდნენ და მე არ მესმოდა, მაგრამ ვხდებოდი, რომ ამ ქალს ეს არ სურდა,“ – თქვა ტაქსის მძღოლმა.

რამდენიმე თვეში ქალი, რომელმაც მ.ტ. ჩამოიყვანა ბათუმში და სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ავად გახდა და უზბეკეთში დაბრუნდა. წასვლამდე მან ბათუმის ოქროს ბირჟაზე ტაქსის მძღოლის, ზვიადის ნათესავთან იყიდა 1600 დოლარის სამკაულები იმ პირობით, რომ ფულს ბათუმში დარჩენილი მსხვერპლი – მ.ტ. გადაიხდიდა.

მ.ტ.-ს თქმით, ის ბათუმში მარტო დარჩა უფულოდ და საცხოვრებელი ბინის გარეშე. ამ დროს გაიცნო ვინმე გ.თ. რომელიც იხდიდა მისი ბინის ფულს და თავიდანვე ურჩია, რომ პოლიციისთვის მიემართა. ტელეფონით მას მუდმივად ეკონტაქტებოდა დ.ს. და ფულის გაგზავნას აიძულებდა: „ერთხელ მამაჩემიც მალაპარაკა, რომ შემშინებოდა… მერე ვუთხარი, რომ ფულის გაგზავნას აღარ ვაპირებდი მისთვის. რამდენიმე თვეში დაბრუნდა და მნახა. მაშინ გამოიყენა დანა, ნაკაწრები ახლაც მემჩნევა… გ.თ. მირჩევდა, რომ პოლიციაში დამერეკა და ფული არ გადამეხადა. თავიდან მეგონა, რომ ისიც მოგზავნილი იყო და ახალ ხაფანგს მიგებდნენ. საბოლოოდ პოლიციას დავურეკე,“ – აღნიშნა მსხვერპლმა.

ტრეფიკინგის საქმეზე დ.ს.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: