განათლება,მთავარი,სიახლეები

მენტორი მასწავლებელი სქემაში ცვლილებების შესახებ

06.03.2018 • 7717
მენტორი მასწავლებელი სქემაში ცვლილებების შესახებ

ის ერთადერთი მენტორი მასწავლებელია აჭარაში. ეს სტატუსი მან გასული წლის სექტემბერში მიიღო. საქართველოში ამ სტატუსს მხოლოდ ცხრა მასწავლებელი ფლობს. მასწავლებელს მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მცდელობა არ სჭირდება, სტატუსი მუდმივია. რა გზა გაიარა მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის მისაღებად და რას ფიქრობს სქემის ხშირ ცვლილებაზე, – „ბათუმელებთან“ სალიბაურის მე-2 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ხათუნა ხალვაში  საუბრობს.

ქალბატონო ხათუნა, რა დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ პედაგოგის ყველაზე მაღალი სტატუსისთვის მიგეღწიათ და რამდენად რთულია ეს პროცესი?

2014 წელს ჩავერთე სქემაში და მაშინვე მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აუცილებელი 25 ქულის ნაცვლად 32 ქულა დავაგროვე.

თუ იყო ისეთი აქტივობები, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ სტატუსის მისაღებად და რა იყო ეს?

ეს იყო კვლევა, სამოდელო გაკვეთილები და რესურსის შექმნა. მე ონლაინრესურსები გავაკეთე ბავშვებისთვის ტესტირების სახით. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ეს რესურსი და სხვა მასწავლებლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ. ერთი სუსტი მხარე აქვს ამ რესურს – პირდაპირ გაკვეთილზე არ შეგვიძლია ამის განხორციელება, ინტერნეტსიხშირის გამო. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე იმაში, რომ შებრუნებული გაკვეთილის მოდელი გავაკეთე, უფრო რთული გავაკეთეთ გაკვეთილზე და უფრო იოლი მივეცი შინ. შემდეგ შევდივარ და ონლაინში ვნახულობ დავალებების.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ბავშვი კლასში უფრო დატვირთულია, რადგან მასწავლებელთან ერთად მუშაობა უფრო კომფორტულია და უკეთ გაიგებს ყველაფერს, მაგრამ ბავშვი სახლში ინდივიდუალურ მუშაობასაც უნდა შეეჩვიოს.

ის, რომ ინტერნეტის დაბალი სიხშირის გამო რესურსს კლასში ვერ იყენებთ, ვისი გადასაჭრელი პრობლემაა?

ეს პრობლემა მარტო ჩვენს სკოლას არ აქვს. ყველას სატკივარია კომპიუტერების გაუმართაობა, არასაკმარისობა და ინტერნეტის დაბალი სიხშირე.

მენტორების ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ დაეხმაროს სხვა პედაგოგებს. კონკრეტულად რაში სჭირდებათ მათ დახმარება?

მენტორებს სქემა არ ავალდებულებს სტატუსის შენარჩუნებას. ეს სტატუსი ჩვენ გვრჩება და ეს ცვლილება ჯეჯელავას [განათლების ყოფილი მინისტრი] დროს მოხდა. მიუხედავად ამისა, მენტორი მუდმივად აქტიურ რეჟიმშია. მე ვარ ფასილიტატორიც და ნებისმიერ დროს ვეხმარები მასწავლებელს. აქტიურად განვიხილავთ სამოდელო გაკვეთილის მასალებს, ვაძლევ კონსულტაციებს და „კრიტიკული მეგობრის“ ამპლუაში ვესწრები გაკვეთილებს.

როგორც პედაგოგები ამბობენ, სქემა ხშირად იცვლება, რაც მათთვის პრობლემაა. რეალურად რამდენად ხშირია ეს ცვლილებები და რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, კონკრეტულად რომ გვითხრათ?

მე 24 წელია ვმუშაობ, სტაჟიანი მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ, რომ სქემის ახლანდელი მოდელი ყველაზე უფრო კომფორტულია. კომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდას აბარებს მასწავლებელი და ამავე დროს სხვა პედაგოგებიც აფასებენ. ადრე იყო სკეპტიკური დამოკიდებულება და ფიქრობდნენ, რომ ეს შეფასება შესაძლებელია არ ყოფილიყო ობიექტური, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მიგრძვნია.

ხშირად მესმის პედაგოგებისგან, რომ სქემა საბუთებისთვის რბოლაა და როდის მივხედო მოსწავლეს. თუმცა, როცა სისტემაში მოგყავს ეს ყველაფერი, მაშინ არ არის რთული – უნდა ჩაატარო ღია ან სამოდელო გაკვეთილი, რომელიც გულისხმობს ორიგინალობას, ინოვაციურობას და განსაკუთრებულობას. ამ პროცესში მასწავლებელიც სწავლობს ძალიან ბევრს და მოსწავლეც. კრედიტები და საქმე სულაც არ არის ცალ-ცალკე ცნება. ამიტომ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სქემა მხოლოდ დოკუმენტებია.

რისი გაკეთება უჭირთ სქემაში პედაგოგებს ყველაზე მეტად?

მე მჯერა, რომ პედაგოგები საქმეს უფრო მეტად აკეთებენ, მაგრამ დოკუმენტურად მოწესრიგება ცოტა ქართული ბუნებაა, ალბათ. ვინც სიღრმეში წვდება სქემას, ყველა კითხვის პასუხი არის იქ. თუ რაიმე გაუგებარია, ცხელი ხაზი არსებობს და არაერთხელ დაგვირეკავს შეფასების ჯგუფს და დაგვიზუსტებია. თუმცა, ყველა კითხვაზე პასუხს რომ იძლეოდეს, ასეთი მოდელი მე არ მეგულება.

რამდენად ხშირია სქემაში ცვლილება და არის თუ არა ეს ცვლილებები არსებითი?

თითქმის ყველა ექვს თვეში გამოდის ცვლილებები. ახლაც იყო ცვლილება, ჩემს შემთხვევაში ათი სამოდელო გაკვეთილი მქონდა ჩასატარებელი შარშან, თებერვალში შეიცვალა და ჩავატარე ოთხი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ სქემა გართულებისკენ მიდის. სქემა იხვეწება ისე, რომ მოერგოს მასწავლებელს.

ბოლო ცვლილების დროს, სტანდარტიზებული გაკვეთილის მოდელის შეფასებაში ჩაამატეს საგნობრივი კომპეტენცია, რადგან მეთოდიკა ერთია და საგნობრივი ცოდნა – მეორე. მე  პრობლემას ვერც ამაში ვხედავ.

თვითშეფასების კითხვარს  როცა ავსებენ პედაგოგები, რას წარმოაჩენენ ხოლმე სუსტ ან ძლიერ მხარეებად?

თვითშეფასების კითხვარში აღნიშნავენ, რომ სურთ მეტი ტრენინგი. წერენ, რომ დარეგისტრირებულnი არიან და პასუხები არ მისვლიათ, პედაგოგებისთვის საკმარისი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ პრობლემაა ხელმისაწვდომობა – ძირითადად ინგლისურ ენაზეა ეს რესურსები. ჩემთვისაც პრობლემაა ეს, რადგან ინგლისური არ ვიცი კარგად და რუსულად ვცდილობ ინფორმაციის მიღებას.

პედაგოგების დატრენინგებაზე საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება. თუმცა გაკვეთილების ხარისხი რეალურად არ იცვლება. როგორ ფიქრობთ, რატომ?

პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა იყოს ღია სიახლეების მიმართ და პროფესიული ზრდისთვის გადადგას ნაბიჯები. კრედიტების დაგროვებით პედაგოგი წინ მიიწევს.

ხომ არ ხდება ისე, რომ ფურცელზე ასახული გაკვეთილი და რეალობა არ შეესაბამება ერთმანეთს?

ალბათ შესაძლებელია. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ სქემა და გაკვეთილი ერთმანეთისგან განყენებული არ იყოს. როცა საქმის და დოკუმენტის შერწყმას ისწავლის მასწავლებელი, მაშინ ასეთი სურათი აღარ იქნება. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან არის ხელშეწყობა, ამიტომ მასწავლებელიც უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან.

სასურველია, რომ გაიზარდოს სკოლების მატერიალური ბაზა, ყველაფერი იყოს იმისთვის, რომ მოსწავლეს შეექმნას სიახლის შეგრძნება. მასწავლებელსაც უნდა უყვარდეს სიახლეები და ექსპერიმენტები, უნდა იყოს შემოქმედებითი და ამისთვის სკოლისგან უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა.

პედაგოგები არ არიან კმაყოფილი ანაზღაურებით და ამაზე ღიად საუბრობენ. ეს უკმაყოფილება ამართლებს მასწავლებელს, რომ არ იყოს გახსნილი სიახლეების მიმართ?

ვფიქრობ, აქ საკამათო არაფერია. თუ მასწავლებელი ბუნებით არ არის პედაგოგი, არ უყვარს ბავშვები, ის შედეგზე ვერ გავა და დაბალი ანაზღაურება მას ამის უფლებას არ აძლევს. მაშინ ის სხვა სამსახურში უნდა წავიდეს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ პენსიონერი პედაგოგები ღირსეული პენსიით გაუშვას სკოლიდან.

მე საპატრიარქოს უნივერსიტეტშიც ვასწავლი და ვცდილობ, სტუდენტებს პედაგოგის პროფესია შევაყვარო. არის მათი მხრიდან დაინტერესება, მაგრამ სკოლებში ადგილები არ არის, პენსიონერები არ მიდიან, ახლები კი სკოლაში ვერ შედიან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: