კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

ბილ გეითსი: “კრიპტოვალუტა კლავს ადამიანებს”

06.03.2018 • 11706
ბილ გეითსი: “კრიპტოვალუტა კლავს ადამიანებს”

„კრიპტოვალუტა პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ადამიანებს“,- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ციფრულ ვალუტას, კერძოდ კი ბიტკოინს, აქტიურად იყენებენ ფენტალინის – ქიმიური სინთეზით მიღებული ნარკოტიკის საყიდლად.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბილ გეითსი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ანონიმურობა ნიშნავს მის უშუალო ფინანსურ კავშირს ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან.

„კრიპტოვალუტის მთავარი მახასიათებელი ანონიმურობაა, რაც ვფიქრობ, კარგი არ არის, ეს არის ტერორიზმის დაფინანსებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება, ხელისუფლების გამოწვევაა შეისწავლოს და გამოიკვლიოს ეს საკითხი. კრიპტოვალუტით ყიდულობენ არა მხოლოდ ფენტალინს, არამედ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებსაც, ციფრული ვალუტა არის იშვიათი ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან სწრაფად მოყვება ფატალური შედეგები,“- განაცხადა ბილ გეითსმა.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსს სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა ციფრულ ვალუტაზე 2014 წელს, როცა Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ „ბიტკოინი საუკეთესო ვალუტაა“.

ბილ გეითსს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი ცუდად ერკვევა ტექნოლოგიურ სიახლეებში. ზოგი მიიჩნევს, რომ Microsoft-ის გავლენიანი დამფუძნებელი ამ ფორმით ცდილობს მსოფლიო ბაზარზე ზემოქმედებას.

_______________

 

წყარო: BBC

გადაბეჭდვის წესი