ვინ დაკარგავს და ვინ შეინარჩუნებს სამსახურს ბათუმის მერიაში – რეორგანიზაცია

პირველი მაისიდან ბათუმის მერია ახალი სტრუქტურული ერთეულებით დაიწყებს მუშაობას. ამ დროიდან მერიაში რამდენიმე სამსახურისა და მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი უსამსახუროდ დარჩება. მერმა სამსახურის უფროსების შეცვლის და მოსალოდნელი კონკურსის შესახებ უკვე დაანანონსა, რომელსაც 30 ვაკანსიაზე გამოაცხადებენ. კონკურსი პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე, მათ შორისაა, ვისი თანამდებობაც სტრუქტურულ ცვლილებას შეეწირება. თანამდებობებს დატოვებენ მერიის ა(ა)იპ-ების: „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსა და „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელებიც. ამ სამსახურებთან ერთად ერთ ინფრასტრუქტურულ სამსახურში გაერთიანდება კეთილმოწყობის სამსახურიც.

ზაალ მამუჭაძემ  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პირველ მაისამდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, შემდეგ სადაც შესთავაზებენ, იქ იმუშავებს. მისი სამსახურის განყოფილებებში დასაქმებული ადამიანები კი, ახალ სამსახურში გადანაწილდებიან. ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამ დრომდე 32 ადამიანია დასაქმებული.

ზაალ მამუჭაძე ბათუმის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2014 წელს დააწინაურეს, მანამდე ის მუნიციპალური ორგანიზაციის, შპს „სანდასუფთავების“ მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ბათუმში ზედამხევდელობის სამსახურის მუშაობის ხარისხს ხშირად აკრიტიკებდნენ.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თენგიზ პეტრიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ვიცე-მერად დანიშნა. ლაშა კომახიძემ მერად მუშაობის ასი დღის შეფასებისას კიდევ ერთი მოადგილის შესაძლო დანიშვნის შესახებაც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და კულტურის საკითხებს გაუწევს კურირებას, თუმცა ამ დრომდე არ ასახელებს ვის დანიშვნას განიხილავენ.

ა(ა)იპ „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ალექსანდრე თევზაძე  ხელმძღვანელობს. აქვს თუ არა მას მერიისგან შეთავაზება სხვა სამსახურში გადასვლაზე, იგი ამაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ  უფრო მნიშვნელოვანია რეფორმები, რაც მერიას მომავალში წარმატებულად მუშაობისთვის სჭირდება.

ა(ა)იპ ტურისტული ობიექტების მართვის სამსახურში 133 ადამიანია დასაქმებული. ახლა მერიაში იმაზე მსჯელობენ, ამ ადამიანებთაგან ვინ შეინარჩუნებს სამსახურს. ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ახალ სამსახურს შეიძლება დასჭირდეს ზოოპარკის მომვლელი, მაგრამ არ დასჭირდება რამდენიმე ბუღალტერი ან იურისტი: „ამაზე მიდის ახლა მსჯელობა და მეც ვარ ჩართული ამაში. ხოლო იმაზე, მე დავსაქმდები თუ არა, ამაზე საუბარი არ არის.“

უქმდება ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსიც“, შესაბამისად, სამსახურის გარეშე დარჩება მისი ხელმძღვანელი დავით კასრაძეც. „ბათუმელები“ მას ვერ დაუკავშირდა.

მერიის ახალი სქემის მიხედვით, იქმნება მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც მუნიციპალური პოლიტიკის რისკების მართვისა და მონიტორინგის, საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის, საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილებებს გააერთიანებს.

ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხები მუნიციპალური ქონებისა და სერვისების სამსახურის პრეროგატივა იქნება. ამ სამსახურში გაერთიანდება ქონების პოლიტიკისა და განკარგვის, გარე ვაჭრობის, რეკლამისა და საჯარო ნებართვების, ასევე ადმინისტრაციული ნებართვების განყოფილებები – ამ დრომდე ქონების მართვის საკითხებს გოგა ლომაძე კურირებდა. შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ის მერიაში, ეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა მერმა ასი დღის მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა, რომ სამსახურის ხელმძღვანელების შეცვლას გეგმავს.

მერიის ახალი სქემის მიხედვით, ქალაქგანვითარებისა და ურბანული განვითარების სამსახური გააერთიანებს ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის, საპროექტო და სამშენებლო, სამშენებლო ზედამხედველობისა და ისტორიული განაშენიანების ზონის განყოფილებებს. ისტორიული ზონის განყოფილება ბათუმის მერიას ამ დრომდე არ ჰქონია, მისი შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ ბათუმში ისტორიული ზონის დასამტკიცებლად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ვინ უხელმძღვანელებს ამ განყოფილებას, მერიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

ამ დროისთვის მერიაში არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი ხელმძღვანელობს. ვიდრე სამსახურის უფროსის თანამდებობას ირაკლი ახალაძე დატოვებდა, მირიან მეტრეველი სამსახურის უფროსის მოადგილე და ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო. შესაბამისად, მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმ სამშენებლო პროექტებზე, რომელთა ნებართვებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მერია გასცემდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მირიან მეტრეველი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის მხარდაჭერით სარგებლობს. მერიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის სამსახურის უფროსადაც მოევლინოს ქალაქს. იმ შემთხვევაში კი, თუ ასე არ მოხდა, ის თანამდებობას მაინც შეინარჩუნებს. არქიტექტურის სამსახურში, ურბანული დაგეგმვისა და ნევართვების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს მირიან მეტრეველის მეუღლე, სალომე თოიძე. წინასწარი ინფორმაციით, მას მეუღლის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან ცოლ-ქმრის ერთ უწყებაში საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტია. იურისტი სალომე თოიძე სულ დატოვებს მერიას, თუ სხვა სამსახურში გადაიყვანენ, ჯერ უცნობია. 

ბათუმის მერიაში გადასვლამდე მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტში მუშაობდა.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახურს, რომელიც ოთხ განყოფილებას: კულტურის ცენტრს, საბავშვო ბაღებს, საჯარო ბიბლიოთეკასა და სპორტულ კლუბებს აერთიანებს, მერაბ ქიძინიძე ხელმძღვანელობს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანმდებობიდან წასვლა-არწასვლის თაობაზე მერს მასთან კონსულტაცია არ ჰქონია.

ჯანდაცვის სამსახური თავისი განყოფილებების გარეშე უზრუნველყოფს სოციალური სააგენტოს, სასწრაფო დახმარებისა და ა(ა)იპ სასაფლაოების მართვას. ჯანდაცვის სამსახურს ამ დრომდე სოფიო მიქელაძე ხელმძღვანელობს.

თითქმის უცვლელი რჩება მერიის საფინანსო, შიდა აუდიტისა და სამხედრო აღრიცხვის სამსახურები, ერთი განსხვავებით – გაუქმდა მერიის შესყიდვების სამსახური და ის მერიის საფინანსო სამსახურთან გაერთიანდა, როგორც ერთ-ერთი განყოფილება. საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, მერიაში საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ისურვა.

ამ დროისთვის ვაკანტურია მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. ადმინისტრაცია რვა განყოფილებას აერთიანებს. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მერაბ ქიძინიძე განათლების სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.

მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელ თანამდებობებზე გეგმავს მერი კონკურსის გამოცხადებას. თუმცა პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ სამსახურის უფროსების შეცვლასთან დაკავშირებული განცხადებისას მერმა ახალი სამსახურები იგულისხმა და არა ის სამსახურები, რომლებსაც ცვლილებები არ ეხება. ცვლილებები არც ამ მიმართულებით არის გამორიცხული: „არაფერს გამოვრიცხავთ, მხოლოდ იმას ვაზუსტებთ, რომ მერმა მაშინ გაკეთებული განცხადებისას იგულისხმა ახალი სამსახურები და განყოფილებები, რომლებიც რესტრუქტურიზაციის შედეგად იქმნება.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი