ვის და რა პირობით მიჰყიდეს მიწები ქობულეთის სანაპიროზე – სამი კომპანია

აჭარის მთავრობამ ქობულეთში, ზღვის პირას, აუქციონზე კიდევ სამი ნაკვეთი გაყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 71 197 კვ/მ-ია. ქონება საწყის ფასთან შედარებით, 105 ათასი ლარით მეტად გაიყიდა. ნაკვეთები ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე მდებარეობს.

მიწის ნაკვეთები პირობებიან აუქციონზე იყიდეს „ალიანსმა“, „კრისტალ ბილდინგმა“ და „არომა ნეომ“.

შპს „ალიანსის“ დირექტორი და 12%-წილის მფლობელია აკაკი სონგულიაა. ის იმ კომპანიის მეწილეცაა, რომელიც ბათუმში, დელფინარიუმის წინ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. აქ, რამდენიმე სართულზე სასტუმრო „მარიოტი“ განთავსდება.

შპს „კრისტალ ბილდინგის“ გენერალური დირექტორია ვანო ლომაძე, ხოლო წილის 50-50%-ს აზერბაიჯანის მოქალაქეები ფლობენ.  „კრისტალ ბილდინგი“ ქობულეთში ერთ სასტუმრო კომპლექსს უკვე აშენებს, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ამ პროექტის ფარგლებში კომპანია 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანია ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან აქ დამატებით პარკის ნაწილს ითხოვს.

შპს „არომა ნეოს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ალეკო ბაკურიძეა. ალეკო ბაკურიძეს კომპანია 2015 წლის აგვისტოში აქვს დარეგისტრირებული.

რა აშენდება აუქციონზე გაყიდულ ნაკვეთებზე:

ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, N313-ში მდებარე 9 212,9 კვ.მ შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული 37 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე 2,5 მილიონ ლარად იყო გატანილი. ქონება „კრისტალ ბილდინგმა“  2 მილიონ 550 ათას ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად კომპანიის ვალდებულებაა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [რომელიც მოიცავს რეაბილიტაციის და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე რეკრიაციულ ზონას] მშენებლობის დაწყება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში შენობა-ნაგებობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება; 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები.

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე, N42-ში მდებარე 7 482 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 1065,90 კვ.მ შენობა-ნაგებობების საწყისი საპრივატიზაციო ფასი 406 ათას 500 ლარი იყო. ეს ქონება „არომა ნეომ“ 416 ათას 500 ლარად იყიდა. კომპანია ვალდებულია:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში მიიღოს მშენებლობის ნებართვა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში დაიწყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრის, კვლევითი ლაბორატორიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, დერმატოლოგიის, ორთოპედ-ტრავმატოლოგიის ოთახების] რეკონსტრუქცია-რემონტი/მშენებლობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში კი დაასრულოს და ექსპლუატაციაში გაუშვას; 20 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს. აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ 3 000 000 ლარის ინვესტიცია ჩადოს;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 თვის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 15 საქართველოს მოქალაქე.

1 მილიონ 423 ათას 500 ლარი იყო იმ ქონების საწყისი გასაყიდი ფასი, რომელიც ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, N291-ში მდებარეობს [26 213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი]. ქონება „ალიანსმა“ 1 მილიონ 468 ათას 500 ლარად იყიდა. კომპანიას ევალება:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება [მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს სასტუმროს – არანაკლებ 200 ნომერი, სპა ცენტრს, ბავშვთა გასართობ სივრცეს, ღია სპორტულ მოედანს, კვების ობიექტებს და ა.შ];
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში მშენებლობის დაწყება, 48 თვის ვადაში დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება. ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • მშენებლობის პროცესში არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმება, ხოლო სასტუმროს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმება პროფილის შენარჩუნების ვადით [20 წელი], სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.

კომპანიებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ჯერჯერობით, მიწის ნაკვეთები ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com