კომპანია: ვფიქრობთ, ბათუმის ესტაკადა ივლისში აშენებული იქნება

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობა მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებელი კომპანია ძირითადი სამუშაოების დამთავრებას ივლისში ვარაუდობს.

„მაგ დროისთვის, ვფიქრობთ, ესტაკადა უკვე მოწყობილი გვექნება. დარჩენილი იქნება გარკვეული სამუშაოები. ამასთან, ივლისში, შესაძლოა ავტომობილების მოძრაობა, თუ ორმხრივი არა, ესტაკადაზეც იყოს ცალმხრივი. თავად ესტაკადაც ორმხრივია, ორი ხიდია, ასე ვთქვათ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლევან ტრაპაიძემ, „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორმა.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადის საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიანი იქნება“.

მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ ასაქცევი გზის თითქმის ნახევარი გაკეთებულია და მაისში ეს მონაკვეთი მთლიანად დასრულდება.

პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს  ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა.

ამავე თემაზე:

როგორ აისახა ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ბათუმზე

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობის გამო, 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა.როგორ აისახა ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ბათუმზევრცლად ამ თემაზე: http://batumelebi.netgazeti.ge/news/116416/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on 2018 წლის 19 თებერვალი, ორშაბათი

მთავარი ფოტო: ბათუმის ესტაკადის მშენებლობა / ფოტო: აჭარის მთავრობა
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com