მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში აღარ დაისჯებიან ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები პატიმრების წამების საქმეზე

06.03.2018 • 2856
რა შემთხვევაში აღარ დაისჯებიან ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები პატიმრების წამების საქმეზე

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსის, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას საქმეზე თითქმის ერთი წელია სასამართლო პროცესი აღარ განახლებულა. ამ პირებს პროკურატურა პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის წინ – 2014 წლის 4 მარტს დაიწყო.

116 მოწმიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 40 მოწმეა დაკითხული. თუკი 2019 წელს ციხის უფროსებს სასამართლო განაჩენს ვერ გამოუტანს, ვეკუაც და ჯიქიაც პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდნენ. იმ ტემპით თუ გაგრძელდა მართლმსაჯულების განხორციელება, რაც აქამდე იყო [სასამართლომ 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 40 მოწმის გამოკითხვა მოახერხა], მაშინ შემდეგი 9 თვის განმავლობაში დარჩენილი 76 მოწმის გამოკითხვა, წესით, ვერ უნდა მოესწროს.

„ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბოლო სხდომა ამ საქმეზე დაახლოებით ერთი წლის წინ – 2017 წლის 30 მარტს გაიმართა.

მოსამართლის თანაშემწეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რატომ არ ტარდება წამების საქმეზე სასამართლო სხდომები. სასამართლოში გვითხრეს, „რომ რადგან ეს არის არასაპატიმრო საქმე, პერიოდულად ვნიშნავთ და ახლა ვაპირებთ კიდევ, რომ ჩავნიშნოთ“.

თანაშემწემ ასევე გვითხრა, რომ შემდეგი სხდომის თარიღიც უცნობია.

გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან, ისინი ბათუმის სასამართლომ ოთხი წლის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებულია 2 წლის ვადაში დაასრულოს იმ საქმის განხილვა, სადაც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ეს წესი მხოლოდ იმ საქმეებზე ვრცელდება, რომლის განხილვაც სასამართლომ 2016 წლიდან დაიწყო.

რა ხდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც 2016 წლამდე დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა? – „ამ საქმეების განხილვის დასრულების ბოლო ვადაა 2019 წლის პირველი იანვარი. ამ ვადაში საქმის განხილვა უნდა დასრულდეს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2015 წლის 8 ივლისს შევიდა ცვლილება და დადგინა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სპეციალური ვადები. ცვლილება 2016 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.

რა მოხდება, თუკი წლის ბოლომდე მოსამართლე დავით მამისეიშვილი ამ საქმის განხილვას ვერ დაასრულებს? – საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს: „ამ კუთხით, არც საკანონმდებლო რეგულაცია გვაქვს და არც პრაქტიკა.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: