109 ათასი ლარი 9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმში – ესკიზი ცნობილია

ბათუმის ბულვარში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მოწყობისთვის ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტში 109 ათას 300 ლარი აქვს გათვალისწინებული.

„9 აპრილის ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი მემორიალის მოწყობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის“ სამუშაოებს მერია ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება-შეწყვეტის ვადა 14-19 მარტია.

მემორიალია გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში უნდა მოეწყოს.

9 აპრილის მემორიალი / ფოტომონტაჟი / „წარმოდგენილი ესკიზი წარმოადგენს 4-მეტრიან დეკორატიული მტრედის ქანდაკებას კვარცხლბეკის ჩათვლით. აქედან მტრედის სილიზირებული ქანდაკება მთლიანად ბრინჯაოში იქნება ჩამოსხმული, რომელიც განასახიერებს როგორც 9 აპრილს დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნის დღეს, როგორც მტრედის (იგივე სულიწმინდის) მხატვრულ ფორმაში გადმოცემას, ასევე მტრედის, რომელიც აღიქმება მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ“ / მემორიალის განმარტებითი ბარათიდან.

ბათუმის მერიის სატენდერო კომისიამ მემორიალის ესკიზის შესყიდვაზე გამოცხადებული პირველი ტენდერი შეწყვიტა. შემდეგ ტენდერში კი სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიამ ერთს დისკვალიფიკაცია მისცა. დარჩენილ ორ პრეტენდენტს შორის კი გამარჯვებულად ის გამოაცხადა, რომელიც მომსახურებას გაცილებით [1355 ლარით] ძვირად სთავაზობდა.

კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებით, 9 აპრილის მემორიალი ბათუმში თეიმურაზ მახარაძის ესკიზის მიხედვით მოეწყობა. შესაბამისი ხელშეკრულება [დღგ-ს ჩათვლით] 7498,9 ლარზე გაფორმდა. მემორიალი ბრინჯაოში ჩამოისხმება და მისი წონა 1,2 ტონა იქნება.


ადგილი ბათუმის ბულვარში [ბსუ-ს წინ], სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა მოეწყოს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com