მთავარი,სიახლეები

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ადლიაში

05.03.2018 • 2200
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ადლიაში

 გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ადლიაში“ დღეს, 5 მარტს, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ევროკავშირის დახმარებით, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში აღიჭურვა.

„პროგრამის მიზანია გააძლიეროს სურსათის უვნებლობისა და სანიტარია-ფიტოსანიტარიის სისტემა საქართველოში. პროექტი ასევე ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის მიახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ვალდებულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ფარგლებში,“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

„ადლიაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გახსნა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის კვეთისა და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია… სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ხელს შეუწყობს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას და უზრუნველყოფს საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და სამაცივრო ოთახების დამონტაჟებისთვის გამოყოფილმა თანხამ 576 919 ლარი შეადგინა, ხოლო პუნქტის დამატებითი აღჭურვილობისთვის, „ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების“  პროექტის ფარგლებში გამოყოფილმა თანხამ – 474 223 ლარი.

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი მოიცავს ორ ბლოკს. ერთი ბლოკი განკუთვნილია ვეტერინარული კონტროლისთვის, ხოლო მეორე – ფიტოსანიტარიული და არა ცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლისთვის.

ადლიაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. მინისტრი დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ ახალ ინიციატივებზე ესაუბრა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: