მთავარი,სიახლეები

ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია: ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და მაგიტომ ვცემო

05.03.2018 • 3683
ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია: ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და მაგიტომ ვცემო

„ბათუმში ღამით ჩამოვფრინდით. მან წამიყვანა და დამაბინავა. დაძინებამდე მითხრა, პასპორტი აჯობებს მე მომცე, შენ დაგეკარგებაო. პასპორტი მივეცი. მეორე დილით ის წავიდა და საღამოს დაბრუნდა. მითხრა, რომ სამუშაო იშოვა ჩემთვის. ვკითხე, რა ნახე-მეთქი. მიპასუხა, სექსუალური მომსახურებით უნდა დაკავდეო… ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი. სახეში გამარტყა, მაშინ 6 ათასი დოლარი რომ გაქვს ჩემი ვალი, ის დამიბრუნეო… მე მისთვის არაფერი მქონდა მისაცემი. მითხრა, რომ საქართველოში ჩაგიყვან და რესტორანში გამუშავებ, თვეში 500 დოლარი გექნება ხელფასიო… მემუქრებოდა: პოლიციელები აქ ჩემი მეგობრები არიან, დაგაპატიმრებენო…“ – ეს ერთ-ერთ ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგოს ჩვენებაა.

გოგომ ეს ისტორია მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უამბო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ტრეფიკინგის ამ ისტორიაშიც მსჯავრდებული პატიმრობაში არ იმყოფება. მან ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა.

ტრეფიკინგის ბრალდებით მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რ.ა. 2017 წლის 4 ივლისს გაასამართლა. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა ორი გოგო სხვადასხვა დროს უზბეკეთიდან და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა. დაზარალებულების თქმით, მათ მსჯავრდებული სცემდა, აშინებდა და პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა. საღამოობით ისინი კონკრეტულ კლუბში მიდიოდნენ, სადაც რ.ა. კლიენტებთან გარიგებას აწარმოებდა. სექსუალურ მომსახურებას დაზარალებული გოგონებს იქვე მდებარე სასტუმროში აიძულებდა.

ერთ-ერთი მსხვერპლის ჩვენებით, მას დამოუკიდებლად გადაადგილების უფლება საერთოდ არ ჰქონდა და საპირფარეშოში შესვლის დროსაც აკონტროლებდნენ. მისთვის ტანსაცმელს და საჭმელს რ.ა. ყიდულობდა. დაზარალებულები ყვებიან, რომ მათ ეშინოდათ რ.ა.-სი და არც პოლიციის მიმართ ჰქონდათ ნდობა. რ.ა. ყველას ეუბნებოდა, რომ ის მსხვერპლის უფროსი და იყო.

სექსუალური მომსახურებისთვის დაზარალებულებს საათში 150 დოლარს უხდიდნენ, ღამეში – 250 დოლარს, თუმცა მათ მუშაობის სანაცვლოდ არაფერი მიუღიათ. განაჩენში ნახავთ ერთ-ერთი პირის ჩვენებასაც, ვისაც ერთ-ერთ მსხვერპლთან სექსი ჰქონდა. მისი ჩვენების მიხედვით, ის სექსუალურ მომსახურებაზე რ.ა.-ს შეუთანხმდა და ფულიც მას გადაუხადა. „გამიკვირდა, როცა მითხრა, მეც უნდა გამოგყვეთ, ჩემი უმცროსი დაა და ისე არ წამოგყვებაო… სასტუმროს ნომრიდან როცა გამოვედით, ის ისევ ფოიეში იჯდა და გველოდა“, – ყვება ის.

კონტროლის მიუხედავად დაზარალებულებმა გაქცევა მოახერხეს. ერთი სასტუმროს ნომრიდან გაიქცა, მეორე – კლუბიდან. მათ გონიოში ნაქირავებ ბინაში მცხოვრები თანამემამულე გოგონებს შეაფარეს თავი და შემდეგ მიმართეს პოლიციას.

გაქცევამდე ტირილის ხმა და ხმაური საცხოვრებელი ბინიდან სახლის მესაკუთრესაც გაუგია. მოსამართლეს მან უთხრა, რომ კერძო სახლის რამდენიმე ოთახი ჰქონდა გაქირავებული რ.ა.-ზე და „ერთხელ, როცა ტირილის ხმა შემომესმა, შევედი. რუსულად ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრა, ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და ამიტომ ვცემ, დების ჩხუბში თქვენ ნუ ჩაერევითო…“

ერთი გოგოს გაქცევის შემდეგ, განაჩენის მიხედვით, რ.ა.-მ უზბეკეთიდან მეორე გოგო ჩამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს, რ.ა.-მ ქვეყნის დატოვება უპრობლემოდ მოახერხა.

მას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: