ძეგლი ევროპის მოედანზე, რომელშიც წყალი დგას

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #32/34-ში, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დრომდე საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი. დღეს შენობაში შესვლა შესაძლებელია არა იმიტომ, რომ მესაკუთრემ აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების შესრულება გადაწყვიტა და შენობის კარი გააღო, არამედ მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს შენობის ერთ-ერთი კარი წვიმამ დააზიანა.

ძეგლის პირველ სართულზე წყალი დგას, კედლები ზოგგან ჩამოშლილი, ზოგგან კი – დაბზარული და დაზიანებული. კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე ხავსია მოდებული. შენობაში სამშენებლო ნარჩენებია.

იმაზე, რომ ძეგლის სახურავი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს, 2015 წელს კომპანია „გეოგრაფიკიც“ წერდა თავის რეკომენდაციებში. ჩარევის სასურველ ფორმად კი კომპანიამ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია მიუთითა. სააღრიცხვო ბარათში ნათქვამია, რომ „გეოგრაფიკს“ ძეგლის ინტერიერი არ დაუთვალიერებია და სპეციალისტებმა შენობის მდგომარეობა მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით შეაფასეს, რადგან შენობა ჩაკეტილი იყო.

„გეოგრაფიკმა“  ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია 2015 წელს ჩაატარა ბათუმის მერიის დაკვეთით.

ძეგლის დაზიანებასა და იმაზე, რომ შენობაში გვიმრა გამრავლდა, „ბათუმელები“ 2016 წელსაც წერდა. მაშინ შენობაში შესვლა შეუძლებელი იყო.

ძეგლის ინტერიერი დღეს

რაც შეეხება შენობის არქიტექტურულ ღირებულებას, სპეციალისტების შეფასებით, მემედ აბაშიძის 32/34-ში, „ორი ქუჩის კუთხეში მდებარე ორსართულიანი მანსარდიანი შენობის ფასადები დატვირთულია ნალესობაში გამოყვანილი რენესანსულ-ბაროკული და მოდერნული სტილის დეკორატიული ელემენტებით. იგი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საყურადღებოა, როგორც დომინანტი და მაორგანიზებელი მოცულობა ამ უბნის განაშენიანებაში. “

შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რამდენიმე წლის წინ მას გუმბათებიანი მანსარდა დააშენეს.

#1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი, შპს „ჟასმინი“ სასტუმროს განთავსებას გეგმავდა. აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ჟასმინმა“ აიღო ვალდებულება ძეგლში სასტუმრო-კომპლექსის მოწყობაზე, სადაც სამი წლის განმავლობაში   საქართველოს არანაკლებ 200 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, შპს „ჟასმინმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის ფასადის უკან არსებულ ფართობზე 11-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის თხოვნით არაერთხელ მიმართა. თუმცა სააგენტომ პროექტი არ განიხილა და კომპანიისგან შენობის რეაბილიტაციის პროექტი მოითხოვა. ასეთი პროექტით სააგენტოს კომპანიისთვის ჯერ არ მიუმართავს. ინვესტორის გეგმებთან დაკავშირებით ბევრი არაფერია ცნობილი. ასევე უცნობია, შენობის ფანჯრები როდემდე იქნება გვიმრებით დაფარული.

აფთიაქის შენობა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, შპს „ჟასმინს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა.

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას აღებული ვალდებულებებიდან მხოლოდ ნაწილი აქვს შესრულებული: გადაიხადა საპრივატიზებო საფასური – 1 მილიონი აშშ დოლარი, გამოისყიდა დუმბაძის ქ #16-18/მ.აბაშიძის ქ#34 მდებარე შენობაში არსებული კერძო ფართობი და სამინისტროში წარადგინა სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი, თუმცა კომპანიამ მშენებლობა ვერ დაიწყო, რადგან შენობა ძეგლია და მასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან ნებართვას საჭიროებს.

სამინისტროს განმარტება: „კომპანია ვალდებულია კომპლექსის მშენებლობისათვის აუცილებელი  ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან მიიღოს. სწორედ ხელშეკრულების აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო 1 675 000 აშშ დოლარი.“

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები კომპანიასთან პროექტის განხორციელების თაობაზე. კომპანია მზად არის წარმოადგინოს ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნებთან. ახალი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გამცემი უწყება იმსჯელებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

რა მოხდება, თუ კომპანია აღებულ ვადებულებებს ვერ შეასრულებს? – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლოა გაუქმდეს.

წაიკითხეთ ამ თემაზე: პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები

ეს შენობა მემედ აბაშიძის გამზირზე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. თავიდანვე აქ ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დასჭირვებია აფთიაქი.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა იყო ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი.

 

დღეს, წვიამიან ამინდში, ძეგლის მეორე სართულს თავს ძაღლები აფარებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი