განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესს დღეს, 5 მარტს, იწყებს. საჯარო განხილვა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალზე: grifireba.emis.ge, დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და მიაწოდოს თავისი მოსაზრება როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო  სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი. სამინისტროს განცხადებით, გრიფირების პროცესში ჩართულნი არიან საგნობრივი სპეციალისტები, ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტები.

„ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობის მიზანს საუკეთესო სახელმძღვანელოების შერჩევა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ,  ყველა დაინტერესებულ მხარეს – მშობლებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს სამინისტრო მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა მომავალმა თაობებმა საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესისადმი მაღალი ინტერესისა და ავტორთა მაქსიმალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 13 საგანში წარმოდგენილია 112 განაცხადი, რაც შესაბამის კლასებზე, მასწავლებლის, მოსწავლის წიგნებზე, რვეულებსა და ელექტრონულ რესურსებზე გადათვლით ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განხილვაშია 795 მაკეტი. „სიახლეა ისიც, რომ ყველა სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ე.წ. დამხმარე ვებგვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება“.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია იმითაც, რომ განაცხადების საჯარო განხილვა პირველად ტარდება.

მოსაზრება შეიძლება წარმოდგენილი იქნას სამი ძირითადი მიმართლებით:

  • შინაარსობრივი შეცდომა – იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში
  • ტექნიკური ხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად, შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.
  • რეკომენდაცია/მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს/სერიის ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე მოსაზრებების მიწოდება ანონიმურია.
  • „მიუხედავად იმისა, რომ რიგ სახელმძღვანელოში არსებითი ხარვეზები უკვე იდენტიფიცირებულია, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ყველა განაცხადთან ჰქონდეს წვდომა და არც ერთი სახელმძღვანელო არ დარჩეს საჯარო განხილვის მიღმა,“ – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com