მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტი პენსიონერებს სამსახურის დატოვებას სთავაზობს

05.03.2018 • 4641
ბათუმის პორტი პენსიონერებს სამსახურის დატოვებას სთავაზობს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, პორტში ოფიციალურად არ ადასტურებენ: „ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, პენსიონერებს შეეხებათ“.

როგორც ბათუმის პორტის კადრების განყოფილებაში გვითხრეს, პორტში დღეს 750 ადამიანია დასაქმებული: „ზოგი მიდის, ზოგი მოდის. ის, რომ გავათავისუფლეთ, ასეთი რამ არ ყოფილა. პენსიონერებს რაც შეეხება – ვისთანაც შევთანხმდებით ვუშვებთ, ვისთანაც ვერ შევთანხმდებით, არ გავუშვებთ“.

კადრების განყოფილებაში არ გვითხრეს, თუ რამდენი პენსიონერი მუშაობს დღეს პორტში და კონკრეტულად ვის და რა ფორმით შეეხება მოსალოდნელი რეორგანიზაცია.

„საკადრო არა, მაგრამ დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია პორტში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ეს არის წმინდა სამუშაო პროცესი, მიმდინარე საქმიანობის ნაწილი და არ კეთდება ხალხის გაშვების მიზნით. თუმცა, ამას რაღაცები შეიძლება მოყვეს ამ კუთხითაც… დღეს რაც მიმდინარეობს ესაა, რომ  საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლების გარკვეულ რაოდენობას, ვისთვისაც მისაღები იყო კომპანიის შეთავაზება, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ვლადიმერ გურგენიძემ, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

პორტის ადმინისტრაცია პენსიონერ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სხვადასხვა პირობას სთავაზობს, მათ შორის მინიმუმ სამი თვის ხელფასის გაცემას და წლის ბოლომდე სოციალური პაკეტით მთლიანად უზრუნველყოფას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: