მთავარი,სიახლეები

რა იცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

05.03.2018 • 2791
რა იცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

ახალი რეფორმის შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში  500 000 ლარამდე იქნება. აქამდე მცირე მეწარმის სტატუსს მეწარმე 100 000 ლარის შემოსავლის ფარგლებში იღებდა. ამასთან, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-ის ნაცვლად  1%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება, დაახლოებით  120 ათას მეწარმეს შეეხება, რომლებიც ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ.

„აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს სრულიად უნიკალურ მოვლენას მსოფლიო ეკონომიკის პრაქტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ე.წ. ინკლუზიურ ზრდას,“ – განაცხადა დღეს მეწარმეებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდნენ და მათ ახალი საგადასახადო ინიციატივები გააცნეს.

მამუკა ბახტაძე: „ძირითადი პრინციპები აღნიშნული რეფორმის არის შემდეგი:

[checklist]

  • ხუთჯერ შევამცირებთ საგადასახადო განაკვეთს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.  5%-იანი ბრუნვის გადასახადიდან ჩამოვალთ 1 %-იან ბრუნვის გადასახადზე.
  • ხუთჯერ გავზრდით იმ ნიშნულს 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე, სადაც თითოეულ მოქალაქეს  შეეძლება, ისარგებლოს ამ უნიკალური საგადასახადო შეღავათით.
  • ვაუქმებთ არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც გადასახადების გადახდა ხდება წინასწარ, ე.წ. საავანსო რეჟიმში და პირველი ივლისიდან მცირე მეწარმეები გადაიხდიან უკვე გადასახადს ყოველი თვის ბოლოს.
  • მნიშვნელოვნად ვამსუბუქებთ და ვაიოლებთ ბუღალტერიის წარმოებას, მცირე და საშუალო მეწარმეებს არ ექნებათ ვალდებულება აწარმოონ ე.წ. საბუღალტრო გატარებები და შემოიფარგლებიან მხოლოდ ძირითადი საგადასახადო დოკუმენტებით, როგორიც არის ანგარიშფაქტურა და საგადასახადო ზედნადები.
  • დღეს არსებული პრაქტიკით, თუ ადამიანი დარეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად ის ავტომატურად კარგავს მცირე მეწარმის სტატუსს. ეს პრაქტიკაც გაუქმდება და 500 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ინდმეწარმე შეძლებს, ისარგებლოს როგორც მცირე მეწარმის სტატუსით, ამავე დროს იყოს დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად“.

[/checklist]

 

მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდიდან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2018 წლის პირველი ივნისიდან ეს ინიციატივები ამოქმედდება.

ფინანსთა მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მცირე მეწარმეებთან შეხვედრაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: