თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს და ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

პოლიციამ ბრალდებულები დააკავა ბათუმში, სენაკსა და თბილისში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი