მშენებლობიდან გადმოცვენილი მასალები მძინარე ადამიანებს დაეცა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მშენებლობიდან ჩამოცვენილი მასალები კერძო სახლის სახურავს დაეცა, სადაც ადამიანებს ეძინათ, მათ შორის, არასრულწლოვანს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 14 წლის არასრულწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო ქალი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულებს ნაკაწრები და მსუბუქი ხასიათის დაჟეჟილობა აღენიშნებოდათ.

ამ სახლს სამშენებლო მასალები დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად ქალაქისთვის მიყენებულ ზიანზე დღეს დილით ბათუმის მერიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყენა ინფორმაცია. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ლუკა ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანების შესახებაც. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ნახსენები არ არის ამ სახლში ადამიანების დაშავების შესახებ. ბათუმის მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ დაზიანებული სახლის ფოტომასალაც მოაწოდა.

ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახალ საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ელიტმშენი“ აშენებს. ბათუმის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე სამშენებლო ბადის მოწყობის ვალდებულება არ ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი ფოტო:  კადრი აჭარის ტელევიზიის სიუჟეტიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი