ფორმალურად დაფასებული დედის კულტი – ეთუნა ნოღაიდელის ინტერვიუ

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.  გენდერის მკვლევარსა და ფემინისტს, ეთუნა ნოღაიდელს ვკითხეთ, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დედობის სტატუსის მიმართ და რეალურად რა გამოწვევის წინაშე დგებიან დედები დღეს.

თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დედის სტატუსთან დაკავშირებით? 

დედობის პრაქტიკასთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე დიდი სირთულე საქართველოში ისევ არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ რეალობიდან, სადაც მეტ-ნაკლები კონტროლი აქვს ქალს საკუთარ სხეულზე. საქართველოში ქალის სექსუალობა ძლიერად ტაბუირებული თემაა, რაც, პირველ რიგში, ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ბევრი ქალის დედობის გამოცდილებაზე. ხშირ შემთხვევაში იმდენად გაუცხოებულია ქალი საკუთარი სხეულისგან, საკუთარი სექსუალობისგან, რომ მას არ აქვს საშუალება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები  მიიღოს, მაგალითად, ვისთან, როგორ და რამდენ შვილს გააჩენს. საქართველოში, ისევე როგორც სხვა პატრიარქალურ კულტურებში, დედის კულტი არის ძალიან ძლიერი. დედობა ეს არის ღირებულება, რომელიც უნდა შეასრულოს ქალმა ერის, გვარის, ქმრის,ოჯახის წინაშე. ეს არის მოვალეობა, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია იმისთვის, რომ მოიპოვო კარგი ქალის ტიტული.

შეიძლება ითქვას, რომ დედობის გარეშე ქალს არ აქვს ფასი?

იმ ტიპის კულტურებში, სადაც დედობა არის ქალის მთავარ მოვალეობად მიჩნეული, ასეა. იმ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გააჩენენ, ან არ გააჩენენ შვილებს, თავისთავად ცხადია, რომ „ნაკლები ფასი“ აქვთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოდის: მთავარია, როგორ გააჩენ და, ასე ვთქვათ,რამდენად „სწორი ფორმით“ მოხდება ქალის რეპროდუქცია.

ნაციონალისტური იდეოლოგია მიიჩნევს, რომ რაღაც ტიპის ქალები უფრო ღირებულები არიან, ვიდრე სხვები. მაგალითად, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი ქალის გამრავლება არის ყველაზე მეტად წახალისებული. ერთადერთი მოვლენა, რამაც შობადობაზე დადებითი გავლენა იქონია, იყო პატრიარქის მოწოდება, როცა მან თქვა, რომ ყოველ მესამე შვილს მონათლავდა. ვის მონათლავდა იგი? მონათლავდა აუცილებლად მართლმადიდებელს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც წახალისებული იყო მართლმადიდებელი ქალის გამრავლება. სხვა, მარგინალიზებული ჯგუფების გამრავლება პრობლემად ითვლება აქაც და სხვა ქვეყნებშიც. ყველგან ფიქრობენ, რომ ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მათი შობადობა უნდა გაკონტროლდეს.

მეორე პრობლემაა ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილი… ანუ ღირებულებით შკალაზე საქართველოში ყველა თანაბარ ადგილს ვერ იკავებს. ზოგი უფრო ღირებულია, ზოგი – ნაკლებად. თუ მე დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება, შესაძლოა, ეს საერთოდ არ იყოს დაფასებული. შეიძლება ამაზე ბევრი ვინმე შემეკამათოს, რომ ასე არ არის და ნებისმიერი დედა ფასეულია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში, ფაქტია, რომ პრობლემაა.

თავად ზოგიერთ ქალის რატომ მოსწონს დედის კულტი, რა განაპირობებს ამ კულტის მიმზიდველობას? 

ფორმალურად მიჩნეულია, რომ დედა დაფასებულია. სინამდვილეში ეს დაფასება არის პირობითი და ეს ხდება ძალიან დავიწროებული კრიტერიუმების მიხედვით. ამ კრიტერიუმების მიღმა თუ გადიხარ, ისჯები.

მეორე მხრივ, დედობა არის უნიკალური გამოცდილება, რაც ქალისთვის შესაძლოა იყოს ძალაუფლების წყარო, მაგრამ ეს გამოცდილება ქალისთვის არის გაუფასურებული. თუ დააკვირდებით, ახალბედა დედას საქართველოში იშვიათად მიიჩნევენ ავტორიტეტად, რომ მან თუნდაც საკუთარ შვილზე გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად. ეს უფრო შემდგომი ეტაპია. ქალს რომ ჰქონდეს საკუთარ სექსუალობაზე კონტროლი, დედობა მისთვის ნამდვილად იქნებოდა ძალაუფლების მიმცემი გამოცდილება. არიან ადამიანები, რომლებიც წყვეტენ, რომ საერთოდ არ ჰყავდეთ შვილები, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. საქართველოში ადამიანის სტატუსი განისაზღვრება აუცილებლად ოჯახთან, ქორწინებასთან მიმართებით, ის ან დასაოჯახებელია, ან დაუოჯახებელი. თუ ადამიანი მარტოა და შვილების გაჩენა არ სურს, მიიჩნევა, რომ მას ცხოვრებაში არ გაუმართლა.

შვილების გაჩენის შემდეგ რა მოცემულობაა, რა გამოწვევის წინაშე დგებიან დედები? 

ეს არის ცალკე პრობლემური საკითხი. ეს იწყება, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, სადაც ადამიანი ბავშვთან ერთად ღირსეულად ვერ გადაადგილდება. ეს ხდება ქალაქში, სოფლებზე აღარაფერს ვამბობ. ეს პრობლემა იწყება საბავშვო ბაღებიდან, სადაც ორ წლამდე ბავშვს არ იტოვებენ. დედობა არის თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ქალისთვის და ამ დროს ბავშვებისთვის სივრცეები საერთოდ არ არსებობს. მე არ მინდა ეს განვიხილო, როგორც დედების პრობლემა, რადგან ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა მონაწილეობდეს. ზოგადად, მშობლებისთვის ძალიან მოუხერხებელი გარემოა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც თითქოს შობადობა წახალისებულია. ეს ყველაფერი ჩაკეტილ წრეს ჰგავს…

პირველი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ კულტურულად გათავისუფლდნენ ქალები და საკუთარ სექსუალობაზე მოიპოვონ კონტროლი. მეორე ის, რომ სახელმწიფომ, რომელიც შობადობას ახალისებს, ღირსეული გარემო შექმნას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი