ფატი ხალვაში: გენდერული კვოტირება დისკრიმინაციული ხომ არ არის?

„გენდერული კვოტირება რაღაცნაირად დისკრიმინაციული ხომ არ არის? მუდმივად კვოტირების რეჟიმში ვერ ვიქნებით,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა ბათუმის დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე მიმდინარეობს დისკუსია თემაზე – „რისთვის არის საჭირო გენდერული კვოტირება“.

ფატი ხალვაშის მოსაზრებით, ის იმიტომ არ აურჩევია ვინმეს პარლამენტში, რომ ქალია და უკეთესი იქნება, თუკი ამომრჩეველი ქალ კანდიდატზე არჩევანს მისი გამოცდილებით და შრომით გააკეთებს.

„კვოტირების საკითხი რაღაცნაირად ქალის შესაძლებლობებს აკნინებს,“ – თქვა მან.

პარლამენტის წევრს დარბაზიდან ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა ეს პოზიცია იმას, რომ ის გენდერულ კვოტირებაზე ახალ კანონპროექტებს მხარს არ დაუჭერს. ფატი ხალვაშმა განაცხადა, რომ ის გენდერული კვოტირების საკითხს მხარს დაუჭერს.

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის აუცილებელია, რადგან მამაკაცებმა და ზოგადად საზოგადოებამ დაინახოს ქალის როლი, ჩვენი გამძლეობა. ზოგადად ქალები უფრო ამტანნი ვართ მამაკაცებზე“- დასძინა დეპუტატმა.

დღევანდელ დისკუსიას „ბათუმის დემოკრატიის სკოლაში“ პარლამენტის კიდევ ერთი წევრი ესწრება – მუხრან ვახტანგაძე, რომელმაც მოკლედ აღნიშნა, რომ ის კვოტირებას მხარს უჭერს.

„მე მჯერა, რომ გენდერული თანასწორობა მალე იქნება უზრუნველყოფილი,“ – თქვა მუხრან ვახტანგაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი