336 ათასი ლარი საზღვაო აკადემიის საწვრთნელი გემისთვის

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მის საკუთრებაში არსებული გემი „CADET“-ის შეკეთება/ტექნიკური და სხვა მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს სხვადასხვა მომსახურება, რაც გემის ექსპლუატაციასთან იქნება დაკავშირებული, რისთვისაც აკადემიას, 2018 წლისთვის, 336 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

საზღვაო აკადემიის პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

  • გემის ტექნიკური შემოწმება და გაუმართაობის აღმოფხვრა;
  • სამანქანო განყოფილების გამართულობა, ზედამხედველობა;
  • გემბანის, კორპუსის ზედნაშენისა და სამანქანო განყოფილების ანტიკოროზიული საღებავებით შეღებვა და მუდმივ კარგ ვიზუალურ მდგომარეობაში მოყვანა (მოთხოვნის შესაბამისად).

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მოთხოვნისა და გემის ექსპლუატაციის დაცვის ტექნოლოგიური მოთხოვნების [მიმდინარე, გეგმიური, კაპიტალური, შეკეთება/ტექმომსახურება] შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანაზღაურება კი გაწეული მომსახურების შესაბამისად მოხდება.

ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ მიმდინარე წლის იანვარში გადაეცა. აკადემიას 90-წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ ჰქონდა.

ბათუმის საზღვაო აკადემიას საწვრთნელი გემი გადაეცა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com