კომპანიის პირველი განცხადება: ახალ კომპლექსში სასტუმრო „მარიოტი“ განთავსდება

ბათუმში „ალიანს ჯგუფი“ ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ, კომპანიამ დღეს პირველად გაავრცელა ინფორმაცია. კომპლექსი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე აშენდება მრავალსართულიანი და მრავალფუნქციური იქნება.

„ალიანს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ „ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია და მასში ყველა ის ინფრასტრუქტურა გაერთიანდება, რომელიც სუპერთანამედროვე კომპლექსებისთვის არის დამახასიათებელი: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, ფიტნეს ცენტრი, კაფეები, რესტორნები, რეგიონში ყველაზე დიდი კაზინო და ა.შ“.

„პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას წინ უძღვოდა 2018 წლის 8 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში „ალიანს ჯგუფისა“ და „მარიოტინტერნეიშენალის“ წარმომადგენლებს შორის ხელმოწერილი მორიგი ფრანჩაიზის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოში რიგით მე-8 „მარიოტის“ განთავსების ადგილად ბათუმის „ალიანს ფრივილიჯი“ შეირჩა“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „ალიანს პალასის“ [რომელიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან აშენდა] შემდეგ, რომელშიც 2019 წელს „ქორთიარდ მარიოტი“ დაიწყებს მუშაობას, ბათუმში ეს „მარიოტ ინთერნეიშენალის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული მეორე სასტუმრო იქნება: „გლობალური ბრენდი „მარიოტ ინთერნეშენელი“ მსოფლიო მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში 6000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და „ალიანს ჯგუფთან“ პირველი თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო“.

„ალიანს ჯგუფის“ გენერალური დირექტორის აკაკი სონგულიას თქმით, „ალიანს პალასში“ აპარტამენტების 95%-ი უკვე გაყიდულია. კომპანია „ალიანს პალასის“ მშენებლობას ბათუმში 2018 წელს ასრულებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეთანხმების აქტი გაფორმდა. კომპანია ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ კომპლექსს ააშენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთანხმება მშენებლობის ნებართვის მიღების ვადებს უკავშირდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლითაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულებები აიღო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტრო და კომპანია შეთანხმდნენ, რომ ბათუმის ბულვართან არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას მიეცეს დამატებითი დრო.  ახალი შეთანხმებით, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2018 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.

ტერიტორია, სადაც ახალი კომპლექსი უნდა აშენდეს, შემოღობილია. ოპოზიცია აცხადებს, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა დაიწყო; ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად მათთვის ჯერ არ მიუმართავს.

კომპლექსის მაკეტი, რომელიც „ალიანს ჯგუფმა“ გაავრცელა

ამავე თემაზე:

54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com