ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების შემცირება იგეგმება

ბათუმის მერმა თავისი მუშაობის ასდღიანი ანგარიშის წარდგენის დროს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძის თქმით, ქალაქში მოძრაობის ნაკადის დარეგულირება და სამარშრუტო ხაზების სწორად გამართვა არის ახალი სატრანსპორტო სტრატეგიის ნაწილი. რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია და შემცირდება თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა ქუჩებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე საუბრობს.

ბატონო ემზარ, რა იგულისხმება სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაში?

ოპტიმიზაცია გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი იქნება რომელიმე სამარშრუტო ხაზის გაუქმება. ძირითადად, საუბარია დუბლირებულ ხაზებზე.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ეს ხაზები?

ჯერ არ ვიცით, რომელი გაუქმდება, რადგან ვმუშაობთ ამ საკითხზე და მხოლოდ დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რა არის გასაუქმებელი და რა – არა.

შევეცდებით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები, რომ ყოველ 300 მეტრში მოძრაობდეს მუნიციპალური ავტობუსი.

ითქვა, რომ უნდა განიტვირთოს ცენტრალური ქუჩები. რომელი ქუჩების განტვირთვაზეა საუბარი?

ყველა ქუჩას ეხება. იქნება ეს თავდადებულის, ასათიანის თუ სხვა ქუჩები, ავტომანქანების ნაკადი ყველგან გადანაწილდება. ახლა ვმუშაობთ სქემაზე და შემდეგ უფრო დეტალურად გეტყვით, სად და როგორ იქნება. ზოგ ქუჩაზე ავტობუსი იმოძრავებს, ზოგან – „მარშრუტკა“.

ითქვა, რომ სოფლებიდან შემომავალი მიკროავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩაზე აღარ იმოძრავებენ. სად იმოძრავებენ ისინი?

ყველა გადავა ბაგრატიონის ქუჩაზე.

ბაგრატიონის ქუჩაზე გადიან საერთაშორისო მაგისტრალზე მოძრავი ტრაილერები. სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსებიც თუ აქ იმოძრავებენ, ეს არ გამოიწვევს ამ ქუჩის გადატვირთვას?

არ მოხდება გადატვირთვა და თუ მოხდა, მამია ვარშანიძის ქუჩის ან სხვა ქუჩების განხილვაც მოხდება, რომ მოძრაობა გადანაწილდეს.

ოპტიმიზაცია გულისხმობს ქალაქში მიკროავტობუსების შემცირებასაც, რამდენი ერთეულით შემცირებაზეა საუბარი?

საქალაქთაშორისო და რეგიონული „მარშრუტკების“ რაოდენობას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ, მაგრამ შეგვიძლია განვსაზღვროთ ქალაქის სამარშრუტო ქსელში რამდენმა ავტობუსმა და მიკროავტობუსმა უნდა იმოძრაოს. ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გვაქვს დადგენილი.

იყო საუბარი იმაზეც, რომ სოფლიდან შემომავალი მიკროავტობუსები ცენტრალურ ავტოსადგურში ვეღარ გაჩერდებიან და ბონის დასახლებაში, ახალ ავტოსადგურში უნდა გაჩერდნენ. ეს შეზღუდვა ნამდვილად იგეგმება?

ჩვენ ვერ მივუთითებთ „მარშრუტკებს“, თუ რომელ ავტოსადგურში გაჩერდნენ. ქალაქში სამი მოქმედი ავტოსადგურია და თვითონ გადაწყვეტენ, სად გაჩერდნენ. თუმცა, ყველა მიკროავტობუსი, რომლებიც მუნიციპალიტეტებიდან შემოდიან, ვალდებული იქნებიან ბაგრატიონის ქუჩიდან სადგურში შევიდნენ და ქუჩებში ან ბაზრის ტერიტორიაზე ვერ გაჩერდებიან.

დაახლოებით როდის გექნებათ დაზუსტებული სქემა?

ალბათ ათ დღეში. ამის შემდეგ უფრო დეტალურად გვეცოდინება, რამდენი სამარშრუტო ხაზი და მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com