მთავარი,სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის საყვედურები კლინიკებს და სოფლის ექიმის შეკითხვა მინისტრს

02.03.2018 • 2245
ჯანდაცვის მინისტრის საყვედურები კლინიკებს და სოფლის ექიმის შეკითხვა მინისტრს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დღეს, 2 მარტს, ბათუმში ექიმთა საზოგადოებასთან შეხვედრის დროს რამდენიმე საყვედური გააჟღერა. მინისტრმა კლინიკებს უსაყვედურა.

მინისტრის თქმით, კერძო კლინიკების ნაწილი ცუდად ან არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ბენეფიციარებს. „არის ინფორმაცია, რომ ხანდახან ითხოვენ თანხასაც ექიმები… არსებობს ასევე ხშირი პრეტენზია, რომ სამინისტროს სამი თვეა არ ჩამოურიცხავს ფული და რა ვქნათო. ყველა ამ შემთხვევაში, როცა თანხა არ არის ჩარიცხული, ეს უკავშირდება თქვენგან, ანუ კლინიკებიდან მიღებულ არასრულ ანგარიშს და ჩვენ მას ყოველთვის უკან ვაბრუნებთ დასაზუსტებლად,“ – თქვა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სამედიცინო სექტორზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და საუკეთესო მაგალითად თურქეთი დაასახელა. კერძო ჰოსპიტლებზე საუბრის დროს მინისტრმა ჯარიმები ახსენა. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო დავები კერძო კლინიკებთან დაახლოებით 10 მილიონ ლარზე აქვს.  „დაჯარიმებულ კლინიკებთან ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“- აღნიშნა მინისტრმა.

სამედიცინო სექტორთან შეხვედრის დროს სულ ორი შეკითხვა დაისვა. ერთი შეკითხვა სოფლის ექიმმა დასვა, მან სოფლის ექიმებისთვის ფასიანი შვებულება ითხოვა. დავით სერგეენკომ განმარტა, რომ შვებულებით ის ისარგებლებს, ვისაც შეთავსებული არ აქვს სოფლის ექიმობა. ექიმს კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მინისტრმა მას მიანიშნა, რომ სხვა ექიმისთვის უნდა მოესმინა.

მეორე შეკითხვა მინისტრს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დაუსვეს. ექიმმა გიორგი დიასამიძემ იკითხა, ხომ არ მიღებულა რამე გადაწყვეტილება, ან საუბარი ხომ არ ყოფილა ამ საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე.

„არათუ საუბარი ყოფილა, არამედ ვიყავი ამ ობიექტზე და მოვინახულე სამუშაოები…“ – თქვა მინისტრმა. დავით სერგეენკომ შეხვედრაზე თქვა, რომ მუშავდება განვითარების სტრატეგია უშუალოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და მას უახლოეს პერიოდში გაეცნობა საზოგადოება.

მინისტრმა ექიმებით სავსე დარბაზი ისე დატოვა, რომ არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა დარბაზში ვინმეს სხვა შეკითხვა.

რა საკითხთან დაკავშირებით მზადდება სტრატეგია და შესაძლოა თუ არა საავადმყოფოს ან მისი მართვის უფლება გასხვისდეს? – ამ კითხვის დასმა მინისტრისთვის „ბათუმელებს“ შეხვედრის შემდეგ სურდა, თუმცა სერგეენკომ შეკითხვა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე უპასუხოდ დატოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: