აქცია პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად

იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, გაკრვეული კატეგორიის ადამიანები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. აქცია პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

უფასოდ პირადობის მოწმობას მიიღებენ ის მოქალაქეები, ვისაც პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი და ამ დრომდე არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანი, ვისაც აქამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა.

უფასოდ პირადობის მოწმობას აიღებენ ისინიც, ვისაც პირველ მარტამდე გაუუქმდა მოწმობა, დაეკარგა, დაუზიანდა ან ვადა გაუვიდა. თუკი პირადობის მოწმობას პირველი მარტიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდში გაუდის ვადა, მაშინაც შეძლებთ აქციით სარგებლობას.

მისამართის გარეშე რეგისტრაცია, ასევე რეგისრაციიდან მოხსნა – ესეც მიზეზია იმისთვის, რომ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღოთ. ამ შემთხვევაში პირმა კონკრეტული მისამართი უნდა მიუთითოს, სადაც სურს რეგისტრაციის გავლა.

აქცია შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვთ და არაოკუპირებად ტერიტორიაზე სურთ რეგისტრაცია.

აქციით ასევე ისარგებლებთ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ფოტოსურათი გამოუსადეგარია. ამისთვის იუსტიციის სახლში უნდა მიხვიდეთ, სადაც მონაცემთა ბაზაში გადაამოწმებენ ფოტოს ვარგისიანობას.

აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას უფასოდ 10 დღეში მიიღებთ. თუკი მოწმობის იმავე დღეს აღება გსურთ, აქციის პირობების შესაბამისად, 35 ლარის გადახდა მოგიწევთ, მეორე დღეს – 30 ლარის, მესამე დღეს – 20 ლარი, ხოლო მე-5 დღეს – 10 ლარი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი