მთავარი,სიახლეები

ხულოს მერია ეკლესიის მიმდებარე ტორიტორიის კეთილმოწყობას 550 ათას ლარად გეგმავს

02.03.2018 • 1889
ხულოს მერია ეკლესიის მიმდებარე ტორიტორიის კეთილმოწყობას 550 ათას ლარად გეგმავს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობაზე ხულოს მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან  550 000 ლარს დახარჯავს.

ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ეკლესიის ეზოს ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, საპატრიარქოს საკუთრებაში კი მხოლოდ ის ტერიტორიაა, სადაც ეკლესია დგას:

„ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. რეალურად, ეკლესიის ეზოს  კეთილმოწყობა  კი არა, ტბელ აბუსერიძის ქუჩის პირველ და მეორე ნომერში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.“

ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს არსებულ შენობასა და ეკლესიას შორის, სადაც ხულოს რესურსცენტრი ფუნქციონირებს, ახლა ფერდობია გაჭრილი.

ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობი დამცავი კედლის მოსაწყობად 2017 წელს აბუსერიძის ქუჩის  პირველ და ორ ნომერში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებულმა შპს „უნივერსალმა“ გაჭრა, თუმცა კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობი არ იყო, თუმცა დახრილობიდან გამომდინარე ფილები ვერ დაეგებოდა, შესაბამისად ტერიტორიის განლაგებამ საყრდენი კედლის მოწყობა მოითხოვა, ამისთვის კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფერდობი გაჭრა, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება არ შეასრულა და კომპანიას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. ტენდერი ტეროტორიის კეთილმოწყობაზე ისევ გამოვაცხადეთ, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის ეტაპზე ვართ,“ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე.

აბუსერიძის ქუჩის პირველ და მეორე ნომერში არსებული შენობებისა თუ ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ხულოს მერიას ბიუჯეტიდან 550 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია „ბაჩი“, მუნიციპალიტეტს სამუშაოების შესრულებას 484 ათას 770 ლარად სთავაზობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: