მთავარი,სიახლეები

რატომ დანიშნეს პარლამენტარის ცოლი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად – ინტერვიუ

02.03.2018 • 4464
რატომ დანიშნეს პარლამენტარის ცოლი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად – ინტერვიუ

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელად პირველ მარტს ციური აბულაძე დაინიშნა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტის წევრის,  ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა.

ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს დაასრულა. კრასნოიარსკის მხარეში გაიარა ინტერნატურა, მუშაობდა ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ იფექციონისტად. მოგვიანებით გაიარა კვალიფიკაცია ანესთეზიოლოგიის მიმართულებით და კრასნოიარსკის მხარეში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმ-ანესთეზიოლოგად.

ქალბატონო ციური, თქვენი გამოცდილების შესახებ რომ გვითხრათ,  აქამდე თუ გიმუშავიათ მენეჯერულ პოზიციებზე?

მენეჯერული გამოცდილება მქონდა მხოლოდ რუსეთში, როდესაც ვმუშაობდი ინფექციურ განყოფილებაში, განყოფილების გამგე ვიყავი.  მეტი მენეჯერული გამოცდილება, როგორც ასეთი, არ მქონია, მაგრამ ძალიან დიდი შეხება მქონდა. როდესაც შემომთავაზეს ეს თანამდებობა, ერთი-ორი თვე გავიდა მას შემდეგ, ძალიან დიდ ხანს ვამბობდი უარს და მერე იმიტომ დავთანხმდი, რომ თუკი რამე სარგებელი შემიძლია მოვუტანო სახელმწიფოს, კოლეგებს, პაციენტებს, ალბათ უნდა დავთანხმებულიყავი და ამიტომ გავაკეთე ასე.

ვისი რეკომენდაციით წარგადგინეს ახალ თანამდებობაზე, შემოთავაზება ვისგან მიიღეთ?

შემომთავაზა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის თავმჯდომარემ, ეს იყო ერთობლივი შემოთავაზება.

თქვენი ქმარი, ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრია, ამიტომ ჩნდება კითხვა, ხომ არ არის თქვენი დირექტორად დანიშვნა მის სტატუსთან დაკავშირებული, რას იტყვით ამაზე?

ამასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ თუ ოჯახში ვინმე არის თანამდებობის პირი, ამან არ უნდა გამოიწვიოს დისკრიმინაცია ოჯახის სხვა წევრის… მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დისკრიმინაციაა. სხვათა შორის, როდესაც მე უარს ვამბობდი აქ წამოსვლაზე და დირექტორობაზე, ჩემი მეუღლე პირიქით მეუბნებოდა. ვინც ილია ნაკაშიძეს იცნობს… მგონი თანამდებობა იმ დღიდან აქვს, როდესაც ის გახდა ექიმი და ექიმზე დიდი თანამდებობა ჩემს მეუღლეს არასოდეს ჰქონია, მე ასე ვიტყოდი.

თქვენი ქმრის 2017 წლის დეკლარაციაში თქვენი შემოსავლები არ არის ასახული, მუშაობდით ამ პერიოდში?

მე ვმუშაობდი ბათუმის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად, როდესაც ჩამოვედი რუსეთიდან, 1992 წლიდან ვმუშაობ ბათუმის სამშობიარო სახლში…

და რატომ არ არის შეტანილი თქვენი მეუღლის მიერ შევსებულ დეკლარაციაში თქვენი შემოსავლები?

იცით, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რატომ არ არის შეყვანილი, უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ყოველთვის იყო და 2017 წელს რატომ არ იყო, ვერ გიპასუხებთ.

ილია ნაკაშიძის 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული მისი მეუღლის შემოსავლები, თუმცა დეკლარაციიდან ჩანს, რომ ციური აბულაძე შპს პარაცელსის 11%-იანი წილის მფლობელია და რომ 2016 წელს ციური აბულაძემ 48 000 ევროს ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა mersedes GLC-250 შეიძინა.

ინფექციური საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯერ კიდევ არ  გახსნილა. შენობის ეს ნაწილი როდის გახდება პაციენტებისა და ექიმებისთვის ხელმისაწვდომი? 
მე მოვედი გუშინ, დავათვალიერეთ გარემონტებული შენობა, რაღაც-რაღაცები არის შესათანხმებელი რეგულირების სამსახურთან და არის რაღაც ხარვეზები, ჩემი თვალით დანახული, შეთანხმებული კლინიკურ მენეჯერთან – ის, რაც ინფექციურ საავადმყოფოს არ  შეესაბამება, რა თქმა უნდა, არის გამოსასწორებელი და გასაკეთებელი. ამიტომ გეგმიურად და გლობალურად უახლოეს ერთ-ორ თვეში გადმოვალთ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაც ხარვეზია, უნდა გამოსწორდეს. ისეთი დიდი არაფერია, მაგრამ წვრილმანები შესასწორებელია და ეს უნდა შევასწოროთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: