თბილისის მოედანზე პარკირება შესაძლოა ფასიანი გახდეს

ბათუმში, თბილისის მოედანზე, უკვე დგას შლაგბაუმი. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ თქვეს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ელიან და ამის შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ფასიანი პარკირება თბილისის მოედანზე. „ავტოტრანსპორტში“ ამ გადაწყვეტილებას მოედანზე ინფრასტრუქტურისა და მოძრაობის მოწესრიგების აუცილებლობით ხსნიან:

„მოედანზე პარკირების სისტემა უნდა მოწესრიგდეს, მანქანები გვერდს ვერ უვლიდნენ ამ ადგილას ერთმანეთს, ჩახერგილი იყო ტროტუარიც.

ველოდებით საკრებულოს გადაწყვეტილებას და გადაწყდება, როგორი პარკირება მოეწყობა, გადახდის ბარათით იქნება თუ როგორ.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოედანზე უშვებენ მხოლოდ მსუბუქ მანქანებს. არ უშვებენ თბილისში მიმავალ მიკროავტობუსებს, ისინი აქ თვითნებურად იდგნენ და ვალდებულნი არიან, დაიწყონ მოძრაობა ავტოსადგურებისკენ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის განყოფილების უფროსმა, ბესიკ დათიაშვილმა.

თბილისის მოედანი. როინ გუნდაძის ფოტო

თბილისის მოედანი. როინ გუნდაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com