მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროები შშმ პირებისათვის ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირისთვის ქუჩაში გადაადგილება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ კი ეტლით მოსარგებლე საქართველოს რომელიმე ქალაქში, სასტუმროში რჩება. მართალია, ადაპტირებული სასტუმროები საქართველოს დიდ ქალაქებში არსებობს, მაგრამ, ძირითადად, ბრენდული და ძვირადღირებულია.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბათუმში არსებული იმ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც ადაპტირებული სასტუმრო ნომრები აქვთ, მომხმარებელს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლია.

„დაახლოებით 15-მდე ობიექტია ასეთი. უფრო მეტად ტურისტული კომპანიები ინტერესდებიან ამ საკითხით, ვუგზავნით ხოლმე ბაზას, ტურისტი შემოსულიყოს ან მომხმარებელი და ეკითხოს, სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არ მახსენდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ია ბასილაძემ, რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში თითქმის ორი წელია მუშაობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომრები აქვთ შემდეგ სასტუმროებს: „ჰილტონი“, „შერატონი“, „ინტურისტ პალასი“, „რედისონ ბლუ“, პიაცაზე მდებარე ორ სასტუმრო, „მარინა კოლიზეუმი“, „ლე პორტი“, „WYNDHAM ბათუმი“, „ლუკა“, „ერა პალასი“, „სანსეტ ჰოტელი“ და „გოლდენ ბიჩი“.

ბათუმში ერთადერთი ჰოსტელია, რომელიც შშმ პირთათვის არის ადაპტირებული. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე „ბლექსის“ ერთი სამადგილიანი, ადაპტირებული ნომერი აქვს.

ამ პრობლემას კარგად იცნობს თომა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.

„ხან გვიკავშირდებიან, ჯგუფის ჩამოყვანას როცა გეგმავენ და საშუალოფასიანი, საოჯახო ტიპის სასტუმროების შერჩევა უნდათ, რადგან არა აქვთ მაღალი შემოსავლები და ბიუჯეტი. ყველა ვერ დარჩება „რედისონში“ ან „ჰილტონში“. საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი მძიმე სიტუაციაა, საპირფარეშოშიც ვერ შევა ადამიანი, იმდენად ვიწრო კარებია ყველგან. ეტლით საერთოდ ვერ შეაღწევ და სხვა სპეციფიკურ საჭიროებებზე ლაპარაკი ხომ გამორიცხულია.

ძვირადღირებულ სასტუმროებშიც არ არის ყველა სტანდარტი დაცული. ადაპტირებული შეიძლება იყოს, მაგრამ მთელს სასტუმროში, სადაც 200 ნომერია, მაგალითად, მხოლოდ ორი ნომერი როცაა ადაპტირებული, ეს არანაირად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯგუფი განთავსდეს. ეს არ უწყობს ხელს ინკლუზიურ ტურიზმს.

ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 10-15 სასტუმრო, არამედ ყველა, რაც კეთდება, იყოს მისაწვდომი. პროცენტულად მაინც უნდა იყოს დაცული – 0,1 და 0,5 პროცენტი ძალიან აბსურდული მაჩვენებელია ბათუმისთვის, რომელსაც ტურიზმზე სერიოზული პრეტენზია აქვს,“ – ამბობს თომა.

თამარ მახარაშვილი, ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსულ ინკლუზიურ ტურისტებში ყველაზე მოთხოვნადი ბათუმია და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე სასტუმრო ბათუმში მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრობლემები მაინც არის.

„ძირითადად ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეესაბამება სტანდარტებს, არის რამდენიმე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროც, თუმცა პრობლემა არის ის, რომ თუნდაც ამ ძვირადღირებულ სასტუმროებში მხოლოდ რამდენიმე ნომერია. მაგალითად, გვყავს ეტლით მოსარგებლე პირების ათკაციანი ჯგუფი, სასტუმროში კი  ადაპტირებული ნორმები ლიმიტირებულია, ამიტომ გვიწევს სხვადასხვა სასტუმროში განთავსება, რაც დისკომფორტს ქმნის. იგივე ძვირადღირებულ სასტუმროებში არის ადაპტირებული ნომრები, მაგრამ არ არის ადაპტირებული საცურაო აუზი, სპა…

პრობლემა არის სერვისებშიც, რადგან მომსახურე პერსონალს ამ მიმართულებით არ აქვს შესაბამისი ცოდნა. ურთიერთობის ეთიკა და სწორ ტერმინოლოგია უაღრესად მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო – სასტუმროების მხრიდან არის მზაობა, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, რომ მაღალ დონეზე იყოს შესაბამისი სერვისები და ძალიან კარგია, რომ ეს სურვილი არის,“ – ამბობს თამარ მახარაშვილი.

ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლები არ არიან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. თამარ მახარაშვილი განმარტავს, რომ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ხანშიშესული ტურისტები არიან, რომლებიც ყავარჯნებს ან გადაადგილების  სხვა დამხმარე საშუალებას საჭიროებენ. ამ ჯგუფში შედიან ასევე მოგზაური ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

„ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროებს ჰქონდეთ ადაპტირებული ვებგვერდი, რომ მაგალითად, მცირედმხედველმა ადვილად შეძლოს ინფორმაციის მიღება. იგულისხმება მარტივი, გადიდება-დაპატარავების ფუნქცია, კონტრასტების შეცვლის, როგორც ტექსტის, ასევე ფონის და ა.შ.

ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით პრობლემურია არაადაპტირებული ტრანსპორტიც. ჩვენს ორგანიზაციას აქვს ადაპტირებული მიკროავტობუსი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რომ იყოს მსგავსი სერვისი, ეს ძალიან დაეხმარებოდა ინკლუზიურ ტურიზმს საქართველოში,“  – ამბობს თამარ მახარაშვილი.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი სპეციალური საჭიროებების მქონე ტურისტი შემოდის საქართველოში უცხოეთიდან. თამარ მახარაშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის მაგალითზე, საქართველოში განსაკუთრებით ხშირად ჩამოდიან ტურისტები ისრაელიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჰოლანდიიდან.

კითხვაზე, უსაუბრიათ თუ არა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ინკლუზიური ტურიზმის საჭიროებებზე, თომა კაკაბაძე რამდენიმე თვის წინანდელ შეხვედრას იხსენებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში:

„ფოკუსჯგუფთან ტარდებოდა შეხვედრა ბათუმის რებრენდინგთან დაკავშირებით. დეპარტამენტში არის პანდუსი, რომელიც ძალიან დახრილია, შედიხარ ამ პანდუსით და არის კიბე, სადაც დევს რელსივით ლამინატის ორი ნაჭერი, რომელზეც ეტლი ფიზიკურად ვერ ადის. ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ინკლუზიურ ტურიზმზე, აღმოჩნდა, რომ თავად არ არის მისაწვდომი. თუმცა იქვე ითქვა, რომ ახლო მომავალში იგეგმება რემონტი და კონკრეტულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ინკლუზიური ტურიზმისგან ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღება შეიძლება. ამ მიმართულებით ჩვენთან სერიოზული ნაბიჯები არ იდგმება, კეთდება რაღაცები ფრაგმენტულად, რაც საერთო სურათს ვერ ცვლის და ვერ ქმნის იმ ამინდს, რომ ინკლუზიურ ტურისტებს გაეხსნათ გზა,“  – ამბობს თომა კაკაბაძე.

____________________

მთავარი ფოტო: gnta.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com