მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018 – რეგისტრაცია დაიწყო

პედაგოგებს, ვისაც სურს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება, შესაძლებლობა აქვთ, 20 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია გაიარონ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებგვერდზე.

კონკურსი მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

კონკურსში მონაწილე პედაგოგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ჰქონდეს სწავლების ეფექტური და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეების სწავლების შედეგების დინამიკა, უნდა გამოირჩეოდეს ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლებით, უნდა იყოს საზოგადოებრივად აქტიური, შეეძლოს პროფესიული გამოცდილების გაზიარება და განვითარება.

წელს საკონკურსი კომისიაში ცვლილებებია. ჟიურიში იქნებიან: ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და პავლე თვალიაშვილია. ჟიური სულ 18 წევრისგან შედგება. შეფასების სისტემა ხუთქულიანია.

პედაგოგებს აღნიშნულ ჯილდოზე შეუძლიათ თვითნომინირებაც და სხვა პედაგოგების წარდგენაც. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი წელს მეორედ ტარდება, გასულ წელს ჯილდო ჩიბათის სკოლის პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ მიიღო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 10 ათას ლარს მიიღებს საჩუქრად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზეც, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ პედაგოგები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com