მთავარი,სიახლეები,სპორტი

ექიმი, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონია

02.03.2018 • 6801
ექიმი, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონია

28 წლის დარინა ცეცხლაძე ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია. ბოლოს 24-25 თებერვალს გამართული ჩემპიონატის დროს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

პირველად შეჯიბრზე 2009 წელს გამოვიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტში ჩატარებულ შიდა ტურნირზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებიდან ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატზე წავიდა. მისი გამარჯვების ამბავი მშობლებმა ტელევიზიით შეიტყვეს. სახლში ვერ ამბობდა, რომ მკლავჭიდით იყო გატაცებული, მოგებულ თასებს კი უნივერსიტეტში მალავდა.

„მამას არ უნდოდა. არ იცოდნენ, რომ მკლავჭიდის ტურნირზე ვიღებდი მონაწილეობას. ერთ დღესაც უყურებენ ტელევიზორს, სადაც აცხადებენ, რომ დარინა ცეცხლაძე არის აჭარის ჩემპიონი და ერთ კვირაში მიემგზავრება თბილისში საქართველოს თასზე. ეს იყო წარმოუდგენელი მამაჩემისთვის, რას ჰქვია, სად მიდიხარო. არც აპირებდნენ თბილისში გავეშვი შეჯიბრზე, მერე პირობა ჩამომართვა: თუ წახვალ, ბოლო ტურნირი იქნება და აღარ მიიღებ მონაწილეობასო. მე ვუთხარი – თუ გავიმარჯვებ, მაშინ ვაგრძელებ-მეთქი. კარგიო. ოთხი თასი რომ ჩამოვიტანე პირველივე ჩემპიონატიდან, მერე არაფერი უთქვამს,“ – იხსენებს დარინა.

ამბობს, რომ მის წარმატებაში მწვრთნელს, თემურ ლიპარტაშვილსაც დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ის დაეხმარა თავის დროზე მამასთან მოლაპარაკებაში.

დარინა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ბათუმში სამედიცინოს დამთავრების შემდეგ, ორი წელი უკრაინაში სწავლობდა რეზიდენტურაზე, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უკვე ერთი წელია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. მისი დილა კლინიკაში მისვლით იწყება, სამსახურის შემდეგ დარბაზში სავარჯიშოდ მიდის, შემდეგ კი სახლში, შვილთან. ამბობს, რომ მეუღლე ბავშვის გაზრდაში ეხმარება და ძალიან უწყობს ხელს,  მკლავჭიდის ჩემპიონატებზე გამოსასვლელად ფორმაში რომ იყოს.

დარინა ცეცხლაძე

სავარჯიშო პირობები, რაც 2009 წელს ჰქონდა, იმასთან შედარებით გაუმჯობესებულია. იხსენებს, რომ თავიდან, როცა ვარჯიში დაიწყო, უნივერსიტეტის სარდაფში, ყოფილი ქიმიის ლაბორატორია საკუთარი ხელებით აქცია სავარჯიშო დარბაზად. მოგვიანებით დიდ დარბაზში ვარჯიშის საშუალებაც მიეცა. 2013 წელს კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სავარჯიშო ტრენაჟორები აჩუქა.

„სტუდენტები ხვდებოდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. მათ ეკითხებოდა, რა უნდოდათ. ზოგს სწავლა დაუფინანსა, ზოგს ოპერაცია. შენ რა გინდაო მკითხა. ვუთხარი, რომ სპორტით დაინტერესებული ბავშვები გვყავს, მაგრამ არ გვაქვს დარბაზი-მეთქი. მაჩუქა ტრენაჟორები, რომელიც დავდგით უნივერსიტეტში. სტუდენტს, რომელსაც არ ჰქონდა  სავარჯიშო ფული, არ მინდოდა ჩემი გზა გაევლო. ამიტომ დავდე უნივერსიტეტის სპორტდარბაზში და დღესაც ბავშვები უფასოდ ვარჯიშობენ იმ ტრენაჟორებზე.

მკლავჭიდი ისეთი სპორტია, სადაც არ  განსხვავდება ბიჭი და გოგო. როგორც ბიჭი იღებს დატვირთვას, ისეთი დატვირთვა უნდა გოგოსაც. მაჯა, თითები, გადაწევა, მხარი, ტრიცეფსი – ყველაფერი ფორმაში უნდა იყოს. როგორც ბიჭი ვარჯიშობს შტანგაზე, ასე ვვარჯიშობთ ჩვენც“.

ამბობს, რომ თავიდან ძნელად აღიქვამდნენ ამ სპორტში ქალებს, შემდეგ კი მიეჩვიენ.

„აღსანიშნავია, რომ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატზე ქალები უფრო ასპარეზობენ და შედეგებით უფრო წინ არიან, ვიდრე ბიჭები. არაფრით არ ჩამოუვარდებით. გვყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გოგონები. ახლა აბსოლუტური თასი დავკარგეთ მხოლოდ, დანარჩენი ყველა თასი ჩვენ წამოვიღეთ,“ – ამბობს დარინა.

ჯერ მწვრთნელის ლიცენზია არ აქვს, თუმცა მკლავჭიდით დაინტერესებულ  გოგონებს ეძებს და ავარჯიშებს.

„ვცდილობთ შიდა ტურნირები ჩავატაროთ, რომ მერე კადრი ავარჩიოთ, გადმოვიყვანოთ აჭარის ნაკრებში და მოვამზადოთ დიდი ტურნირებისთვის. ახლა მყავს ერთი მოსწავლე – მარი ნოდია,  რომელიც შარშან აღმოვაჩინე ხელვაჩაურში, ფრენბურთის ჩემპიონატის დროს. იქ ექიმად ვმუშაობდი. წელს ვამზადებ ევროპაზე წასაყვანად. თუკი დაფინანსებას მოვიძიებთ“.

დარინას თქმით, დაფინანსების მოძიება არ არის ადვილი. ხშირად სპორტსმენებს ჩემპიონატებზე წასვლა საკუთარი ხარჯით უწევთ. თუ სპორტსმენი გამარჯვებული დაბრუნდება, შემდეგ ფულადი ჯილდოა გათვალისწინებული.

„საქართველოს ნაკრები თითქმის სულ ბიჭებითაა შევსებული. მხოლოდ ერთი გოგო – მარინა ფუტკარაძეა ნაკრებში. შერჩევის დროს პრიორიტეტია ის სპორტსმენი, ვინც უკვე არის მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი. ვცდილობთ, როგორმე მოვიპოვოთ დაფინანსება გოგოებისთვისაც“.

2018 წელს ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატია მკლავჭიდში. ჩემპიონატზე წასასვლელად საჭირო ფინანსები დარინას ჯერ არ აქვს. ამის მიუხედავად დარბაზში მაინც ინტენსიურად ვარჯიშობს. ამბობს, რომ თუ დაფინანსების გზა გამოჩნდება, ჩემპიონატისთვის ფორმაში იქნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: