მთავარი,სიახლეები

მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

03.03.2018 • 2058
მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზეა“ მსჯავრდებული, ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. პირველ მარტს, მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც ის გაასამართლეს, არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ის დახურული ტიპის დაწესებულებაში უკანონოდ არის მოთავსებული.

ვაცხადებ შიმშილობას, რადგან გამოკეტილი ვყავარ საკანში, არ გადავყავარ ზონაზე. მიხეილ აბაშაშვილის დავალებით, რომელიც არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხელი მომაწერინეს, თითქოს მე მინდა დავრჩე დახურული ტიპის დაწესებულებაში. მითხრეს, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს, შემიქმნიდნენ პრობლემებს შეწყალების კომისიასთან. კომისიამ უარი მითხრა დღეს და ახლა ისევ უნდათ მამყოფონ გიჟივით მარტო ცალკე საკანში. გამოკეტილი ვყავარ გიჟივით. ირაკლი ჩხვირკვია საერთოდაც სამარტოო საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ის ითხოვს, რომ ერთი კაცი მაინც შეუსახლონ საკანში, მაგრამ არც ამას აკეთებენ,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ.

რატომ იმყოფება მერაბ ღოღობერიძე დახურული ტიპის დაწესებულებაში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიმართა. სამინისტროდან პასუხის მიღებამდე, მერაბ ღოღობერიძე დაგვიკავშირდა და თქვა, რომ მან ციხის ადმინისტრაციისგან ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის პირობა მიიღო.

„მერაბ ღოღობერიძე არ შიმშილობს და რაიმე სახის პრეტენზია ადმინისტრაციის მიმართ დაფიქსირებული არ აქვს. მერაბ ღოღობერიძე ამ დროისთვის რჩება დახურული ტიპის დაწესებულებაში და მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მულტიდისციპლინური საბჭო. განაჩენის მიღებიდან 60 დღის ვადაში პენიტენციური დაწესებულება უგზავნის მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციას ამ საბჭოს,“ – გვითხრეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში.

გადაგზავნილია თუ არა ინფორმაცია მულტიდისციპლინურ საბჭოში მერაბ ღოღობერიძის შესახებ? – პრესსამსახურში განმარტეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერც იმას გვეტყვიან, როდის განიხილავს მულტიდისციპლინური საბჭო მერაბ ღოღობერიძის საკითხს.

„ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სამართლებრივი ნორმის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულის კონკრეტულ დაწესებულებაში მოთავსების წესებს ადგენს. იურისტი განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს ზუსტ ვადებს მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის, რომელმაც პატიმრის რისკი უნდა შეაფასოს და დასკვნა დეპარტამენტის დირექტორს მიაწოდოს, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ რისკს თავდაპირველად დაწესებულებაში არსებული სპეციალური ჯგუფი სწავლობს, რომლის დასკვნასაც დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინურ ჯგუფს უგზავნის სამი დღის ვადაში. ამ ჯგუფს არ აქვს განსაზღვრული ვადა მსჯავრდებულის რისკის შესაფასებლად. საბოლოოდ, მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილება დაწესებულების დირექტორი იღებს 20 დღის ვადაში.

„ვადების განუსაზღვრელობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის პერიოდი ისე ამოწუროს, რომ არ იყოს განსაზღვრული, რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა იყოს იგი. ეს არის რისკი იმისა, რომ შესაძლებელია დაირღვეს პატიმრის კანონით განსაზღვრული უფლებები,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

მერაბ ღოღობერიძე გასული წლის მაისიდან იმყოფება პატიმრობაში. მას მიმდინარე წლის იანვარში გამოუტანეს განაჩენი და წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამ პერიოდიდან 10 თვე ისე გავიდა, რომ  კონკრეტულ დაწესებულებაში მის მოთავსებაზე გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ მიუღია.

მერაბ ღოღობერიძის საკითხზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს სახალხო დამცველიც.

თემურ ქორიძე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი: „ჩვენმა წარმომადგენლებმა მერაბ ღოღობერიძე მოინახულეს რამდენიმე დღის წინ და მას სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს. ჩვენ 26 თებერვალს მივმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვეთ განმარტება, თუ რატომ არის იგი დახურული ტიპის დაწესებულებაში. პასუხი ამ დროისთვის მიღებული არ გვაქვს“.

მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას ციხის შიდაგანაწესი არც ერთხელ არ დაურღვევია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: