საია მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ირაკლი შავაძეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმს. გაურკვეველია, რის გამო მითხრეს უარი,“ – ამბობს მოსამართლე ირაკლი შავაძე.

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პროფესიული ორგანოა და არა პოლიტიკური. „შესაბამისად, პროფესიულ ორგანოს უნდა ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება, რის გამო ეუბნება კონკრეტულ პირს უარს,“ – ამბობს ის.

საკონსტიტუციო სარჩელი დამუშავების პროცესშია. გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 29-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი