დღეიდან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

„ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ რელიზში.

გარდა ამისა, აღნიშნული წესით მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართობის მოწყობის კუთხით. კერძოდ, სავალუტო პუნქტი/ფილიალი ვალდებულია სალაროსთან, ქართულად და ინგლისურად  განათავსოს შემდეგი სახის ინფორმაცია მსხვილი [მინიმუმ 28] შრიფტით:

  •  „ვიყენებთ საკომისიოს – We are using commision fee“ (არსებობის შემთხვევაში);
  • „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში);
  •  „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“;
  • „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში! – Transaction can be cancelled within 30 minutes after you receive the receipt!“.

სავალუტო პუნქტი/ფილიალი ასევე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ვალუტის დასახელება;
  • ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);
  • ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);

ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ. რაც შეეხება მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულ გადამცვლელ პუნქტებს, მათ საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით უნდა განახორციელონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი