კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან

15.02.2018 • 6627
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან

2018 წლის 15 თებერვალს სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აჭარის ტელევიზიისა და „ბათუმელების“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ მოსახლეობისთვის მათი მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა, მოსახლეობას კი ჰქონდა შესაძლებლობა წამოეწია ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ.

აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ის პრობლემაც, რომ სოფლის კულტურის ცენტრს, სადაც მიმდინარეობდა დისკუსია, არ აქვს გათბობა და არ არის მზად ზამთრის პერიოდში სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ფონდის -„ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით.

შეხვედრა ქობულეთში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

მაგდა მარუაშვილი, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი გადაცემა გაგაცნოთ, რადგან, დარწმუნებული ვარ, იმისთვის, რომ ჩვენი მისია შესრულდეს და ვიმუშაოთ საზოგადოებისთვის, მთავარი და აუცილებელი არის თქვენი მოსმენა. სამწუხაროდ, ხშირად არ გვეძლევა საშუალება რეგიონებს ვესტუმროთ და მოვისმინოთ თქვენი ამბები. „სოციალური მედიაპროექტი“ თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ძირითად ყურადღებას ვუთმობთ ყველა იმ სოციალურ პრობლემას, რომელიც ხდება ჩვენ ირგვლივ, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ვეხმაურებით საპროტესტო აქციებს, როდესაც კონკრეტულ ჯგუფს ესაჭიროება ჩვენი დახმარება, ხმის მიწვდენა ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და ა.შ.

ვცდილობთ, ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვანი. ამ თემების მოფიქრებისა და ინიცირების წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი თქვენგანი.

დავით მახარაძე, სოფელ ქობულეთის მცხოვრები: მგონია, რომ პრობლემის განხილვისას უმჯობესი იქნება ქალაქ ბათუმის ჭრილიდან ამოხვიდეთ და მთლიანად აჭარა განიხილოთ. დავასახელებ ერთ პრობლემას, რაც პარკინგთანაა დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც მთლიანად აჭარა არ არის გათვალისწინებული. ვიცი, რომ დადგენილია წლიური გადასახადი ან თვეების მიხედვით, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგია, მაგრამ სოფლიდან ჩასულმა ადამიანმა, რომელიც, მაგალითად, ჩადის თვეში ერთხელ, რატომ უნდა გადაიხადოს იგივე ტარიფი. აი, ასეთი პრობლემების განხილვა,რომლებიც ბათუმელების გარდა სხვებსაც აწუხებს, ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მოგვაწოდებენ ინფორმაციას ჯანდაცვის სერვისების შესახებ. მოსახლეობამ არ იცის როგორ მოიქცეს, სად მივიდეს, ბევრისთვის გაურკვეველია ამ მხრივ რა შეღავათები არსებობს.

მაგდა მარუაშვილი: მადლობა, რომ ხედავთ ამ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოვიდეთ და მოვისმინოთ თქვენი პრობლემები, შემდეგ კი გავაშუქოთ. მიხარია, რომ გაქვთ ინიციატივა და პროტესტი, თქვენი პრობლემები ჩვენამდე მოიტანოთ.

გურამ მურვანიძე, ჟურნალი „ბათუმელები“: პარკირებას რაც შეეხება, ეს პრობლემა თითქმის ყველა ქალაქშია. პარკირების თანხის გადახდა საგადახდო აპარატებითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის კარგად არ არის მიწოდებული. არა მარტო სოფლებში, არამედ ქალაქშიც არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ეს სერვისი.

სალომე ჯალიაშვილი: როგორც ვიცით, ქალთა მიმართ ძალადობა აქტუალური თემაა და მაინტერესებს, როგორ აშუქებთ ამ თემას ან საერთოდ თუ აშუქებთ.

მაგდა მარუაშვილი: ძალადობის თემაზე აქტიურად ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება იყო ერთწუთიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც გაჟღერებული იყო აღნიშნული პრობლემა. ეს რგოლები იყო რადიოსა და ტელევიზიისთვის განკუთვნილი. ასე, რომ მსმენელს შეეძლო უამრავჯერ მოესმინა ამ თემის შესახებ და საკუთარ თავში აღმოეჩინა ეს პრობლემა.

ვცდილობდით, ეს თემა ისე მიგვეტანა მაყურებლამდე, რომ გასჩენოდათ კითხვები: როგორია ჩემი წვლილი ამ ყველაფერში, ვარ თუ არა ამ პრობლემის მაყურებელი გვერდიდან და შემიძლია თუ არა ჩავერთო ამ ყველაფერში. გარდა ამისა, გვქონდა გამოკითხვა, დავდიოდით ქუჩებში და გამვლელებს ვეკითხებოდით, თუ რა იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ. ვსაუბრობდით ფსიქოლოგებთან და ისინი გვიყვებოდნენ რა კეთდება ქალაქში იმისთვის, რომ ისინი დაცულად გრძნობდნენ თავს. მაგალითად, ამ თემაზე მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უფასო კლინიკა, სადაც ფსიქოლოგებთან ვიზიტი და დახმარების მიღებაა შესაძლებელი. ვიდეორგოლებში ასევე ვსაუბრობდით ზოგად ინფორმაციაზე, რა ითვლება ძალადობის ფორმად. შესაძლოა ამ ერთი წლის განმავლობაში დიდი არაფერი შეცვლილა, თუმცა მაინც შეინიშნება პროგრესი. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელიც კონკრეტულად ამ თემაზე იმუშავებს და ამ პრობლემის ირგვლივ გაერთიანდება უამრავი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

საინტერესოა, რამდენად გეხმარებიან სხვები იმისთვის,რომ ბავშვებს, თქვენ გქონდეთ საშუალება გაეცნოთ თანამედროვე ხელოვნებას, მუსიკას, თეატრს და ა.შ. ან თუნდაც მწერლებთან შეხვედრებს თუ აწყობთ?

შეხვედრა ქობულეთში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ნაირა მახარაძე, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ქობულეთის კულტურის სახლი სანამ გაიხსნებოდა, ამ დარბაზში (იგულისხმება სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრი) ტარდებოდა ფესტივალები, კონცერტები. როცა იქ კულტურის სახლი გაიხსნა, ფაქტობრივად, აქ შეწყდა საქმიანობა.

ივანე ბაკურაძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: თქვენ თუ მიგიმართავთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის? მათ ბიუჯეტში აქვთ გაწერილი ზოგადად მწერლების ჩამოყვანის უზრუნველყოფა, თქვენ თუ დაინტერესებულხართ ამით, მოსწავლეებისთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის შეხვედრები, რაც განვითარების საშუალებას იძლევა.

ნაირა მახარაძე: არ მიგვიმართავს, თუმცა ბავშვები გვყავდა, მაგალითად, ოტია იოსელიანთან შეხვედრაზე, ახლა გეგმაში გვაქვს სხვა მწერალთან შეხვედრა, ასევე სკოლის ბავშვები მოდიან და შეხვედრებს აწყობენ.

ივანე ბაკურაძე: რამდენად ხშირად მოდიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები?

ნაირა მახარაძე: სამი დღის წინ გვყავდა რესურსცენტრის უფროსი, პროგრამით -„მოუსმინე მოსწავლეს“. ბავშვებს გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები, როგორია ბავშვის თვალით დანახული სკოლა. თუმცა ამას სისტემატიური ხასიათი არა აქვს. მინისტრი და მისი მოადგილეც იყვნენ ჩვენთან სკოლაში, გაესაუბრნენ ბავშვებს და სწორედ ამ გასაუბრების შედეგად გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და გაგვიკეთეს სტადიონი, რაც სასარგებლოა სკოლისთვის და მთლიანად, სოფლის ახალგაზრდებისთვის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: