მთავარი,სიახლეები

„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს 

28.02.2018 • 4502
„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს 

ბათუმელი მირზა დოლიძე აცხადებს, რომ ხუთი დღის წინ მასთან ორი პირი – იმედა ხინკილაძე და ბექა გვიანიძე მივიდა და 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი მას „მოკვლით და დამარხვით“ დაემუქრნენ. ფულის გადახდაზე უარის შემდეგ, როგორც დოლიძე ამბობს, იმავე პირებმა მოურღვიეს ეზოს ღობე და ბულდოზერებით დაიწყეს სახლის საძირკვლის გამოთხრა.

ახლა მართლაც მორღვეულია მათ საკუთრებაში არსებული ღობე, მოჭრილია ნარგავები და სახლის საძირკვლიდან დაახლოებით ნახევარ მეტრში მიმდინარეობს მშენებლობა.

დედა-შვილი ნარინ და მირზა დოლიძეები ბათუმის აეროპორტთან ახლოს, ივანე მესხის პირველი ჩიხის ორ ნომერში, კერძო სახლში ცხოვრობენ. სახლისა და მიწის მესაკუთრე ნარინის მეუღლე მიხეილ დოლიძეა. ოჯახში სულ შვიდი წევრი ცხოვრობს, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

ნარინ დოლიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ მისამართზე 1995 წლიდან ცხოვრობენ. რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოჯახი 580 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, დანარჩენი მიწა გაყიდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე დოლიძეების მიერ გაყიდული მიწის – 758 კვადრატული მეტრის მესაკუთრე თურქეთის მოქალაქე ახმედ რემზი კილიჩკანია.

„ეს ადამიანი სამი წლის წინ გარდაიცვალა და, როგორც ჩანს, მისმა მემკვიდრეებმა ქონების გადაფორმება ვერ შეძლეს. ყოველ შემთხვევაში, მიწა ისევ ამ ადამიანის საკუთრებაშია“, – ამბობს ნარინ დოლიძე.

დოლიძეების ეს ინფორმაცია რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება.

დოლიძეების საცხოვრებელ სახლსა და მეზობლის ღობეს შორის მანძილი ასე გამოიყურება.

თუმცა, 2018 წლის 15 თებერვალს, როგორც დოლიძე ამბობს,  კალიჩკანის საკუთრებას ახალი მეპატრონეები გამოუჩნდნენ.

„იმედა ხინკილაძემ და ბექა გვიანიძემ მოიტანეს რაღაც ნახაზი და გვითხრეს, რომ ჩვენი სახლის ნაწილი დგას მათ საკუთრებაში და თუ არ გინდათ, რომ სახლი დაგინგრიოთ, 7 ათასი დოლარი უნდა გადაგვიხადოთო. ბუნებრივია, მივმართეთ საჯარო რეესტრს. ამონაწერის მიხედვით, ჩვენ მიერ წლების წინ გაყიდული მიწის მეპატრონე ისევ გარდაცვლილი კილიჩკანია და არა ხინკილაძე ან გვიანიძე“, – აცხადებენ დოლიძეები.

დოლიძეები ყვებიან, რომ თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ მათთან მივიდნენ ხინკილაძე და გვიანიძე 15 კაცის თანხლებით და მირზა დოლიძეს მოკვლით დაემუქრნენ.

დოლიძეებმა პოლიცია გამოიძახეს. „ოქმის შედგენა არ უნდოდათ. მუქარაა და მეტი არაფერიო – მეუბნებოდა პოლიციელი. თუმცა მე განცხადება მაინც დავწერე,“ – ამბობს მირზა.

დოლიძეებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ფულის გამოძალვასა და სხვისი საკუთრების მიტაცების მცდელობის თაობაზე დღეს, 28 თებერვალს, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილსაც მიმართეს.

ოჯახი აცხადებს, რომ ახალი მშენებლობის შეჩერების თხოვნით ბათუმის მერიაშიც იმყოფებოდნენ: „როცა პირველად მოვიდნენ [ხინკილაძე და გვიანიძე], ხუთშაბათი იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს იმავე დღეს მივმართეთ. ახლა ადგილზე არავინ არ არის და პარასკევს დილიდან მოვლენო. მეორე დღეს გაუჩერებლად ვრეკავდი მერიაში და არავინ მიპასუხა. ბოლოს მოვიდნენ, გაიცინეს და წავიდნენ. ხინკილაძეს და გვიანიძეს უთხრეს, 3 ათასი ლარი იქნება ჯარიმაო“.

დოლიძეების თქმით, ჯერჯერობით, არც პროკურატურიდან, არც მერიიდან და არც პოლიციიდან არანაირი რეაგირება არ არის.

დოლიძეები ეჭვობენ, რომ ბექა გვიანიძეს გავლენიანი მფარველები ჰყავს. „ამას თვითონაც გვეუბნება, ვერაფერს მიაღწევთ, მე ფული და გავლენები მაქვსო“, – ამბობენ დოლიძეები.

დოლიძეების განცხადებით, მეზობელი მიწის მფლობელები მათ საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრნენ.

დოლიძეები ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ, თუ რატომ მაინცადამაინც მათ საკუთრებაში შეჭრა გადაწყვიტეს ბექა გვიანიძემ და იმედა ხინკილაძემ.

„გვითხრეს, რომ მათ აღნიშნული მიწა ვინმე ხაჯისგან იყიდეს. ეს ხაჯი (გვარი არ ვიცით) თურქეთის მოქალაქეა, სამშენებლო კომპანია აქვს და წრიულთან [ბათუმში, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთა] საცხოვრებელ კორპუსს აშენებს“, – გვიყვება მირზა დოლიძე.

მირზა დოლიძეს საქმის გარკვევა „ხაჯისთანაც“ უცდია: „ვკითხე, თუ როგორ გაყიდა სხვისი ქონება. მან მითხრა, რომ ფული კილიჩკანის შვილებს თურქეთში გაუგზავნა“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ვინმე „ხაჯის“ [ვინაობის გამხელაზე ამ პირმა უარი თქვა], რომელმაც დაადასტურა „კილიჩკანის მიწის გაყიდვა“. მანვე დასძინა, რომ ეს პროცედურა ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან შეთანხმებით გაიარა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საკონსულოს არანაირი ინფორმაცია არ აქვს: „რაც შეეხება კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, ჩვენ არანაირი კომპეტენცია არ გაგვაჩნია. მოქალაქეებს ვამისამართებთ საქართველოს შესაბამის უწყებებში“.

„ბათუმელები“ იმედა ხინკილაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მიწაზე სამუშაოებს მეპატრონესთან შეთანხმებით აწარმოებს, ეს მეპატრონე კი თურქეთის მოქალაქეა. მან სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.

„ბათუმელებმა“ ბექა გვიანიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს, რომ სავარაუდო უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიკვლევენ და კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

მირზა დოლიძის ოჯახის განცხადებით, ღობის მშენებლობა მათი სახლის გვერდით კანონდარღვევით მიმდინარეობს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: