„გერმანელი ყასაბი 2010“ შსს-ს უჩივის, სამინისტრო 38 ტონა სოსისს ყიდულობს

38 ტონა სოსისის შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის იანვარში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 228 ათასი ლარია. ანუ, ერთ კილოგრამ სოსისში სამინისტრო მაქსიმუმ 6 ლარის გადახდას აპირებს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს „ივერია“ და შპს „გერმანელი ყასაბი 2010“. სამინისტროს მოთხოვნილი რაოდენობის სოსისის მიწოდებას „ივერია“ იმ თანხაში სთავაზობს, რაც სამინისტროს აქვს გამოყოფილი, ანუ 228 ათას ლარად, ხოლო „გერმანელი ყასაბი 2010“ გაცილებით ნაკლებად –  207 860 ლარად.

სამინისტროს სატენდერო კომისიამ კომპანიას, რომელიც მომსახურებას შედარებით დაბალ ფასად სთავაზობდა, დისკვალიფიკაცია მისცა.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „გერმანელი ყასაბი 2010“-მა განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგინა ლაბორატორიული კვლევა, და ამასთან შეთავაზებული საქონლის შეფუთვაზე მითითებული ტექნიკური პარამეტრები არ ემთხვევა შიგთავსის ტექნიკურ პარამეტრებს:

კომპანიაში აცხადებენ, რომ შსს-ს სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუძლებელია, რასაც ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და რის შესახებაც აცნობეს კიდეც კომისიას:

სისტემის მეშვეობით ავტვირთეთ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის წერილი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ შეუძლებელია განისაზღვროს სოსისი შეიცავს თუ არა საქონლის ხორცს და ღორის ხორცს, ასევე არის თუ არა მის შემადგენლობაში სოიო [სოიოს ტესტურტა, სოიოს იზოლატი, სოიოს ფქვილი]. აღნიშნული ინფორმაციის დაჩქარებით მომზადების სერვისი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ აქვს, რის შესახებაც მივუთითეთ 2018 წლის 21 თებერვლის წერილში. აღნიშნული წერილით დადასტურდა შპს „გერმანელი ყასაბი 2010“-ის მიერ სატენდერო კომისიისთვის 2018 წლის 14 თებერვალს მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კვლევის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“.

კომპანია არ ეთანხმება კომისიას შეფუთვის საკითხშიც:

ეტიკეტების დამზადება საქართველოში არ ხდება და მისი ტრანსპორტირება დაკავშირებულია გარკვეულ პერიოდთან, რის გამოც საწყობში ელექტრონულ ტენდერში მითითებული პროდუქციის შემადგენლობის შესაბამისი შეფუთვა არ გვქონდა და გარსაცმად გამოვიყენეთ მსგავსი პროდუქტის გარსაცმი. აღნიშნული გარემოება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას. აღნიშნული დადგენილების კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ითვალისწინებს გარსაცმის ტრანსპორტირების ვადებს და ბიზნესოპერატორს აძლევს იმის უფლებას, დროებით გამოიყენოს ძველი გარსაცმი.

კომპანიამ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალოს სრულად გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება შპს „გერმანელი ყასაბი 2010“-ის  დისკვალიფიკაციის თაობაზე და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია კომპანიის მოთხოვნაში.

დავების საბჭომ „გერმანელი ყასაბი 2010“-ის საჩივარი 2017 წლის 7 მარტამდე უნდა განიხილოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, 35 ტონა სოსისი შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის, ხოლო 3 ტონა – შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის სჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com