სიახლეები

60 მილიონამდე ლარი კვარიათი-სარფის გზის გამაგრებისთვის

07.10.2015 • 3400
60 მილიონამდე ლარი კვარიათი-სარფის გზის გამაგრებისთვის


„მაგ მონაკვეთზე პროექტირება ხდება პარალელურ რეჟიმში და საბოლოო სურათი არ  გვაქვს ჯერ გამოკვეთილი. ცოტა რთულია იმის თქმა, თუ როდის უნდა დავასრულოთ სამუშაოები. შესაძლოა პროექტმა რაღაც ცვლილება განიცადოს, შესაბამისად, დასრულების ვადაც გაიწელება, ან პირიქით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენელმა მიხეილ გიორგაძემ.

 

კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა. კომპანიას მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისისთვის უკვე გახარჯული ჰქონდა 29 მილიონ 441 ათას 335 ლარი. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოებისთვის დამატებით 10 მილიონი ლარის გამოყოფა [კომპანიის საწესდებო კაპიტალში გადატანა] რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მთავრობამ ერთი თვის წინ დაავალა.


კვარიათი-სარფის გზა 3.10.2015 [თედო ჯორბენაძის ფოტო]

 

„ბათუმელებმა“ დამატებით თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის კანცელარიიდან გამოითხოვა. მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ: სარფი-კვარიათის სანაპირო ზოლის [კალენდერეს კონცხის მონაკვეთი] ნაპირსამაგრი ნაგებობების პროექტი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით შეადგენს 44 021 060 ლარს;

 

აქ არსებული ესტაკადის ზღვის ზემოქმედების შედეგად გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების, გზის სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა – 2 273 180 ლარს; მთის ფერდების გამაგრებისა და ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი – 4 241 630 ლარს; ხოლო სარფის მონაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და ნაპირის [პლაჟის] აღდგენითი სამუშაოების ღირებულება –  8 223 050 ლარს.

 

მთლიანობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის, ამ ეტაპზე, პროექტით 58 758 920 ლარია გათვალისწინებული.

 

კვარიათი-სარფის გზა 3.10.2015

 

კომპანიის კაპიტალში, მთავრობის 2013 წლის გადაწყვეტილებით, თავიდან შეიტანეს 30 მილიონი ლარი. სამუშაოები კი 2014 წელს დაიწყო.

 

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, „პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა დამატებითი სამუშაოები ბადეების მონტაჟისას“ და პროექტი 100 ათასი ლარით გაძვირდა.

 

„საპროექტო მუშაობს გზის გაფართოებაზეც და რაღაც მონაკვეთზე ფართოვდება გზა. რაც შეეხება ლითონის ბადეს, ის იმუშავებს იმ მხრივ, რომ დაიცავს პირველადი ცვენისგან გზას – ანელებს ქვების ცვენას/ვარდნას და გზა გაცილებით უსაფრთხო ხდება. ზოგადად, ქვისა და ლოდის ზომასაც გააჩნია – თუ, დავუშვათ, დიდი ლოდი მოსკდა, ბადეც დაზიანდება,“ – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

 

2015 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, სარფში ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და პლაჟის აღდგენითი სამუშაოები არ განხორციელებულა და  ეს სამუშაოები, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ახლა დაიწყება.


კვარიათის სანაპირო, 3.10.2015

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხება, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას, შესაბამისად – მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებსაც.

 

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, საიდანაც ინტენსიურად ცვივა ქვა. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის ყველა დროს ერთნაირი ინტენსივობით იყრება და ხშირია მგზავრების, მანქანებისა და ტვირთის დაზიანების შემთხვევები“. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ნაწილში გზის უსაფრთხოება არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითაც რეგულირდება. პროექტის მიხედვით, სანაპიროს მთელ სიგრძეზე შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3, მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი“.

 

კომპანიის მონაცემებით, ადგილზე მიწოდებული და დასაწყობებულია 4 მ/კუბ მოცულობის – 1080, ხოლო 2 მ/კუბ მოცულობის – 175 ცალი ტეტრაპოდი.  სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულება 2015 წელს იგეგმებოდა.


კვარიათი-სარფის გზაზე, 3.10.2015



გადაბეჭდვის წესი


ასევე: