სიახლეები

მშენებლობა ვაჟა-ფშაველას 13-ში ბელეტაჟს აზიანებს

06.10.2015 • 2097
მშენებლობა ვაჟა-ფშაველას 13-ში ბელეტაჟს აზიანებს

ავთო ქვარაია ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის #5-ში მდებარე სახლში ცხოვრობს. სახლის გვერდით, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს, რომლის მხოლოდ ფასადია შენარჩუნებული, ეზოში კი და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  შპს „სლავა 2015“ აქ შვიდსართულიან სახლს აშენებს.

ავთო ქვარაია ამბობს, რომ სახლის მშენებლობისას ჯერ მისი ბელეტაჟის სახურავი დაზიანდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საძირკვლის გათხრა დაიწყეს, მისი სახლის სარდაფის კედელი ჩამონგრა, სახლში კი ბზარები გაჩნდა. 

ჩამონგრეული სარდაფი

„სახლს აქვს ორ მეტრამდე საძირკველი. ამის ქვემოთ კიდევ სამი მეტრი ამოთხარეს. ქვიშაა ქვემოთ. დაინგრევა სახლი, აბა რას იზამს. ბზარები გაჩნდა კედლებზე, ჭერზე და ყოველ დღე ემატება ბზარები ბელეტაჟს.  პატრულიც გამოვიძახეთ, მითხრეს, საშიშია ამ სახლში გაჩერებაო. ახლა ველოდები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, 600 ლარი გადავიხადე, რომ 5 დღეში იყოს მზად. ისე სამი თვე უნდა დავლოდებოდით და სამ თვეში ეს სახლი დაინგრევა,“ – ამბობს ავთო ქვარაია.

ბზარები ჭერზე

შპს „სლავა 2015“ -ის წარმომადგენელი მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ  კლდიაშვილის #5-ში ბელეტაჟის დაზიანების შესახებ ინფორმირებულია და დროებით სამშენებლო სამუშაები შეაჩერა:  „ჩამოსხმებს ვაკეთებთ, არმატურები ჩავაწყვეთ და ვამაგრებთ საძირკველს. მანა, სანამ ეს არ დამთავრდება, ყველა სამუშაო შეჩერებულია.“

ავთო ქვარაია ამბობს, რომ  კომპანიამ მას სახლის დათმობის სანაცვლოდ კორპუსში საცხოვრებელი ფართობი შესთავაზა, თუმცა იგი ამაზე თანახმა არ არის:  „ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი წინაპრები ბათუმის მშენებლობა რომ დაიწყო, მაშინ ჩამოვიდნენ აქ. არ მინდა მე კორპუსი. 30 წელია ზღვაში ვარ და კიდე კორპუსში ვიყო?!  მე მინდა ჩემს პატარა ეზოში ყვავილებს მოვუარო სიბერეში. ბათუმი ასეთი ბელეტაჟი სახლების ქალაქია. მეზღვაური, 30 წელია კაპიტანი ვარ, სურვილი რომ მქონდეს, შემეძლო დაშენება, მაგრამ არ მინდა.“

ვაჟა-ფშაველას #13-ში არსებული სახლიდან, რომელსაც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 2 ივლისს მიენიჭა, ამჟამად მხოლოდ ფასადია დარჩენილი. აივანზე მოხსნილია რკინის მოაჯირიც. „სლავა 2015“-ის წარმომადგენელი მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ მოაჯირი გაწმენდისა და რესტავრაციის შემდეგ ისევ დამაგრდება.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად ჩვენ არ ვმუშაობთ, ისე ვერ მოვხსნიდით. სახლის ფასადი იქნება შენარჩუნებული.“

ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭეს, როცა სახლის დემონტაჟი ფაქტობრივად უკვე დაწყებული იყო. დემონტაჟისგან XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლი, ვერც ძეგლის სტატუსმა დაიცვა. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი

 

გადაბეჭდვის წესი