სიახლეები

სახელმწიფოსა და პაციენტებისგან ზედმეტად მოთხოვნილი თანხა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგი

06.10.2015 • 1419
სახელმწიფოსა და პაციენტებისგან ზედმეტად მოთხოვნილი თანხა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგი

 

ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინსპექტირების შედეგად დარღვევები გამოვლინდა, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, თეიმურაზ ფუტკარაძის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ სამინისტროდან არასწორად მოთხოვნილმა თანხამ 172.29 ლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილი (129.19 ლარი), დღეის მდგომარეობით, უკვე დაბრუნებულია, დარჩენილი თანხის დაბრუნების პროცესი კი მიმდინარეობს. პაციენტებისთვის ზედმეტად მოთხოვნილი თანხა 32.1 ლარია, რომელიც საავადმყოფომ ასევე უნდა დააბრუნოს.

 

მონიტორინგის სამსახურის უფროსის განმარტებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1 505,55 ლარის ოდენობით. დაწესებულებამ უკვე გადაიხადა ბიუჯეტში 704.99 ლარი, დანარჩენი კი დაბრუნების პროცესშია.

 

ინსპექტირების შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს „უნიმედ აჭარას“ (ბათუმის რეფერალური საავადმყოფო) ჯანდაცვის სამინისტროსგან ზედმეტად ჰქონდა მოთხოვნილი 2 333.60 ლარი, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტში დაბრუნებულია 2 198.60 ლარი. დაწესებულებას პაციენტებზე (ჯამში 10 პაციენტზე), ასევე ზედმეტად ჰქონდა მოთხოვნილი 552.40 ლარი, რომელთაგან დაბრუნებულია მხოლოდ 54 ლარი, 498.40 ლარი კი დაბრუნების პროცესშია.

 

თეიმურაზ ფუტკარაძის განმარტებით, ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო, შპს „უნიმედ აჭარას“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 238.14 ლარის გადახდა, რომელთაგან ბიუჯეტში გადახდილია 1061,61 ლარი, დანარჩენი კი დაბრუნების პროცესშია.
კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინსპექტირებისას დარღვევები გამოვლინდა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრია.


დაწესებულებას სამინისტროდან არასწორად ჰქონდა მოთხოვნილი 150 ლარი, რომელიც სრულად დააბრუნა ბიუჯეტში. ასევე გადაიხადა პირგასამტეხლო – 143.52 ლარის ოდენობით, რომელიც დაწესებულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. სამედიცინო ცენტრს პაციენტთან მიმართებაში ანგარიშსწორებაში დარღვევა არ ჰქონია.

 

თეიმურაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება 2-4 კვირის წინ დასრულდა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სამინისტროსთვის არასწორად მოთხოვნილი თანხის ნაწილი, ჯერ კიდევ დაბრუნების პროცესშია.

 

გასულ წელს პაციენტებზე დასაბრუნებელი თანხა – 19.90 ლარი აქვს დარჩენილი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს. თეიმურაზ ფუტკარაძე: „ეს თანხა გასაცემია სამ პაციენტზე. როგორც დაწესებულებაში გაგვიმარტეს, პაციენტები არიან ინფორმირებული ამის შესახებ, მაგრამ ისინი რეგიონებიდან არიან და ამ თანხის გამო ჩამოსვლა არ უღირთ, რადგან ტრანსპორტირება უფრო ძვირი უჯდებათ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თუ ეს პაციენტები მომავალში აღმოჩნდებიან ამ სამედიცინო დაწესებულებაში, აუცილებლად გამოუქვითონ ეს მათ თანხა, ან გაუსწორონ ანგარიში“.

გადაბეჭდვის წესი