სიახლეები

რამდენით გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი

05.10.2015 • 2873
რამდენით გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი

 

 

 

ბატონო გოჩა, ხელფასი ყველა მასწავლებელს გაეზარდა?

 დიახ, ხელფასი გაეზრდა საჯარო სკოლაში დასაქმებულ ყველა მასწავლებელს. პირველ რიგში გაიზარდა საბაზისო ხელფასი, მაგრამ მასწავლებლის ხელფასი გარკვეულ კოეფიციენტზე მრავლდება და 50 ლარით კი არა, უფრო გაზრდილი გამოდის. მასწავლებლის ხელფასი განსხვავებულია სტაჟის მიხედვით, ასევე იმის მიხედვით: მაგისტრია, ბაკალავრია თუ დოქტორის ხარისხი აქვს. არის შესაბამისი ცხრილი, რომლის მიხედვითაც დგინდება ეს.
 

 

რაც შეეხება სერტიფიცირებულ მასწავლებლებს…

 ყველა მოქმედი მასწავლებელი არის პრაქტიკოსი მასწავლებელი. ვინც გასულ წელს იყო სერტიფიცირებული ან წელს ჩააბარა გამოცდები, ესენი არიან უფროსი მასწავლებლები. არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, შემდეგ არის უფროსი მასწავლებელი და ასევე, გვყავს რამდენიმე წამყვანი მასწავლებელი, ესენი არიან სერტიფიცირებული მასწავლებლები დოქტორის ხარისხით. უფროსი მასწავლებლის დანამატი 160 ლარია, წამყვანი მასწავლებლის – 250 ლარი, მენტორის – 300 ლარი.

 

 იზრდება თუ რა იმ პედაგოგების ხელფასი, ვინც აქამდე ათას ლარს იღებდა?

 ათას ლარს ვინც იღებდა, მათი ხელფასი იგივე რჩება. თუ ამ სქემის მიხედვით ეს პედაგოგები ავლენ ზედა საფეხურზე და მათი ხელფასი გადააჭარბებს ათას ლარს, მაშინ აიღებენ მეტს, მანამდე იგივე რჩება. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ მასწავლებელი როცა გახდება წამყვანი მასწავლებელი, ახლანდელი გათვლებით მას უნდა ჰქონდეს ხელფასი 1250 ლარი. ამ ნამატების მიხედვით, აპრილში დაგეგმილია მასწავლებლის ხელფასის მატება. წამყვანი მასწავლებელი მიიღებს 1000 ლარზე მეტს.

 

ასევე, გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ დანამატი – 200 ლარი. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც ჩააბარეს ინგლისურის, კომპიუტერისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოცდა, დანამატი ასევე შენარჩუნებულია და ისინი იღებენ არა 160 ლარს, არამედ 200 ლარს.

 


დირექტორებს თუ გაეზრდებათ ხელფასი?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასწავლის და საათები აქვს. დირექტორის ხელფასი შტატითაა განსაზღვრული და ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ შესულა. 



ხელფასი ემატებათ მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგებს. თქვენი აზრით, იქონიებს თუ არა ეს მატება გარკვეულ გავლენას კერძო სკოლებზეც?

 

სავარაუდოდ, კერძო სკოლებიც იძულებულნი იქნებიან ხელფასი გაზარდონ, რადგან საჯარო სკოლებში მოიმატა ხელფასმა. ბათუმში 1600-ზე მეტი პედაგოგია საჯარო სკოლაში და დაახლოებით 500 პედაგოგი – კერძო სკოლაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: