სიახლეები

საპატრიარქო ბობოყვათის რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა

05.10.2015 • 2290
საპატრიარქო ბობოყვათის რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა

 

„გთხოვთ, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოგვცეთ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა 128-ში მდებარე ქონება… ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გადმოცემამდე, მზად ვართ უზრუნველვყოთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებული, შპს „კრწანისის პარკის“ 25% წილის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა…“ – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის [იაკობიშვილი] წერილში [წერილის N 123], რომელიც ქორეპისკოპოსმა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარეს 2015 წლის 11 სექტემბერს გაუგზავნა.

 

 

ქორეპისკოპოსის წერილი სააგენტოში 2015 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა [რეგისტრაციის N 76884/04]. იმავე დღეს, ანუ 14 სექტემბერსვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას ქონების გაცვლის მიზანშეწონილობის შესახებ და შესაბამისი განკარგულების პროექტიც წარუდგინა [მინისტრის წერილის ადმინისტრაციაში რეგისტრაციის N 63976]. განკარგულების პროექტით კი საპატრიარქოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ შპს „კრწანისის პარკის“ 100% წილი უნდა გადაეცა.

 

ადმინისტრაციაში მინისტრის წერილის შესვლიდან ერთ კვირაში, 2015 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გაცვლაზე [მთავრობას განკარგულების პროექტში არანაირი ცვლილება არ შეუტანია].

 

მინისტრის წერილიდან ირკვევა, რომ ბობოყვათში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება იმ დროისთვის შეფასებული იყო 34 მილიონ 425 ათას 492 ლარად. ადმინისტრაციიდან მიღებულ დოკუმენტებში კი არაფერია ნათქვამი ბობოყვათის რეზიდენციაში არსებულ ასევე სახელმწიფოს კუთვნილი მოძრავი ქონების ღირებულებაზე, რომელიც ასევე უსასყიდლოდ და სრულად გადაეცა საპატრიარქოს საკუთრებაში.

 

მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციას დანართის სახით 59 ფურცელი გადაუგზავნა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ მხოლოდ 10 ფურცლის ასლი მოგვაწოდა. მინისტრის წერილის მიხედვით ჩანს, რომ ქონების საპატრიარქოზე გადასაცემად შესაბამისი კანონპროექტი თურმე „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობის გათვალისწინებით“ მოამზადეს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: