მთავარი,სიახლეები

რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს

01.03.2018 • 4493
რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს

ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხზე აჭარის მთავრობამ ოპოზიცია „ტყუილში“ დაადანაშაულა, მაგრამ საპასუხო განცხადებაში თავადაც მოიტყუა: აჭარის მთავრობამ გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომ სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება ენვერ ცეცხლაძემ [გოგიტიძის დისშვილმა] ბათუმის და ქუთაისის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ენვერ ცეცხლაძის სარჩელი არ განუხილავს და, შესაბამისად, არც მისთვის ქონების აღდგენაზე  უმსჯელია. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ  მორიგების ის აქტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ქონების მართვის სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ენვერ ცეცხლაძეს შორის გაფორმდა – მთავრობა და ენვერ ცეცხლაძე სააპელაციო სასამართლოს სხდომის გამართვამდე მორიგდნენ: მაშინ ქონების ნაწილი დაუკანონეს ცეცხლაძეს, ნაწილი კი სახელმწიფოს საკუთრებად დარჩა.

ეს დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რომელშიც ხაზგასმით წერია, რომ „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2016 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო საჩივრების განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება“.

განჩინებიდან სწორედ ეს ამონარიდი ადასტურებს, რომ სადავო ქონებაზე მთავრობა და ენვერ ცეცხლაძე გარიგდნენ და სასამართლო არაფერ შუაშია.

ამის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირწმუნებოდა, რომ მას ენვერ ცეცხლაძისთვის ქონების დაბრუნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მთავრობის განცხადება: „ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება. ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში“.

„ბათუმელების“ მიერ დღემდე მოპოვებული დოკუმენტები და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მსჯავრდებულ სოსო გოგიტიძის [ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წელის 15 აგვისტოს სოსო გოგიტიძეს ადამიანის გატაცების ნაწილში 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სხვა დანაშაულებისთვის 15-წლიანი პატიმრობა. სოსო გოგიტიძეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია] დისშვილისთვის დაებრუნებინა ბიძისთვის ჩამორთმეული ქონება. მით უფრო, რომ თავდაპირველად სწორედ აჭარის ფინანსთა სამინისტრო სთხოვდა სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ცეცხლაძის მოთხოვნა.

რატომ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ  სოსო გოგიტიძისთვის 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებაზე მორიგებოდა მის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს; რა ჩაწერეს მორიგების აქტში? – „ბათუმელებმა“ სცადა ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობისგან მიეღო. შესაბამისი წერილით მივმართეთ კიდეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. უწყებამ კი დღეს ოფიციალურად მოგვწერა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ვითხოვდით, საიდუმლოა:

„თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს… შესაბამისად, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი „ბათუმელების“ წერილზე, რომლითაც მორიგების აქტს ვითხოვდით

რამდენად კანონიერია სამინისტროს უარი? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ „ის დასაბუთება, რითაც სამინისტრომ უარი გითხრათ ინფორმაციის მოწოდებაზე, ლოგიკური მსჯელობის ფარგლებსაც კი სცდება“.

„როგორ შეიძლება მორიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდეს… მსგავსი რამ წარმოუდგენელია, რადგან მორიგების პროცესში ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. ის ნაწილი, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სამინისტროს უნდა დაეშტრიხა და ისე უნდა გაეცა… მაგრამ, როგორც ჩანს, სამინისტროს ხელმძღვანელი პირების სურვილია ამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მივიდეს საზოგადოებამდე“, – ამბობს იურისტი.

ჯერჯერობით ისევ უპასუხოთ რჩება კითხვა, რატომ დაუბრუნეს სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მის დის შვილს? მორიგების აქტში ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრს ქონება აჭარის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა?

ამ უპასუხო კითხვებს ხელი არ შეუშლია კომპანია „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენისთვის“ სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებაში ასნომრიანი სასტუმროს, საცხოვრებელი ბინების, კაზინოს, საცურაო აუზისა და სხვა გასართობი ობიექტების მშენებლობა დაიწყოს. ამ კომპანიას k2 კოეფიციენტის გაზრდაზე [სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლახან უშუამდგომლა ბათუმის მერიაში. სწორედ ამ კომპანიაში ფლობს წილებს სოსო გოგიტიძის დისშვილი ენვერ ცეცხალაძე.

და ბოლოს, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქონება ბათუმში, რომელიც სოსო გოგიტიძეს თითქოსდა ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [2005 წლის 10 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება], ამ წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრში, სოსო გოგიტიძის დისშვილზე, ენვერ ცეცხლაძეზე ყოფილა დარეგისტრირებული.

აჭარის მთავრობის ოფიციალური განცხადება ოპოზიციის საპასუხოდ:

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/117817/

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: