მთავარი,სიახლეები

ბინა საჩუქრად და მანქანები 44 500 დოლარად – მუხრან ვახტანგაძის ოჯახის წლის შენაძენი

27.02.2018 • 7244
ბინა საჩუქრად და მანქანები 44 500 დოლარად – მუხრან ვახტანგაძის ოჯახის წლის შენაძენი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის წინ, ახლახან ლითონის კონსტრუქცია ააგეს, სადაც ავტომანქანებს აჩერებენ. აქ თავის ავტომანქანას აჩერებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მუხრან ვახტანგაძე. ავტოფარეხი ბოქლომით იკეტება.

„ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ირმა ნიჟარაძემ. მუხრან ვახტანგაძე ამ სასპორტო სკოლის დირექტორი იყო 2015 წელს. 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მუხრან ვახტანგაძეს უწერია, რომ ამავე სკოლაში  ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობს.

კომპანია „ორბი“ სასპორტო სკოლის უკან სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რისთვისაც აჭარის მთავრობამ კომპანიას სასპორტო სკოლის ფლიგელები და გარკვეული ტერიტორია გადასცა.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ტერიტორია, სადაც სასპორტო სკოლა დგას და რომლის წინ ავტოფარეხია მოწყობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მას აიპ „ბათუმის სასპორტო სკოლა“ სარგებლობს.

მუხრან ვახტანგაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი.
ფოტო: ლელა დუმბაძის

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძის  2017 წლის სექტემბრის თვეში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მუხრან ვახტანგაძეს მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ 2016 წელს, განვადებით – 36 ათას აშშ დოლარად შეუძენია. ამავე დეკლარაციით, პარლამენტარს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ხოლო ბინა თბილისში.

მუხრან ვახტანგაძის მეუღლეს 2017 წელს საჩუქრად მიუღია ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე.

2017 წელს მუხრან ვახტანგაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი შენაძენი ჩანს – მისი 20 წლის შვილს ავტომანქანა BMW შეუძენია 8 500 დოლარად.

ყოფილი ოლიმპიური პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია. ის დეპუტატის უფლებამoსილების განხორციელებას 2016 წლის ნოემბრიდან შეუდგა.

„ავტოფარეხი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან / 27.02.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: