კონკურსი სამოქალაქო განათლების წლის პედაგოგის გამოსავლენად

კონკურსს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს. გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართება ეროვნულ კონფერენციაზე  2018 წლის 9 ივნისს.
ღონისძიება იმართება პროგრამა „მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს წარწერით – „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი – 2017“.

2017 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთში, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთში.

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2018 წლის 1-ელი აპრილის ჩათვლით. განაცხადის ფორმა მიწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი ელფოსტის მისამართზე – info@ctf.org.ge

განაცხადის ფორმა შევსებული უნდა იყოს თანმიმდევრულად, ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. აქვე მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ორი რეკომენდატორი პირი.

დაჯილდოებისას ფასდება მხოლოდ  2017 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, კერძოდ:

  • პროფესიული განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა;
    • პედაგოგის მიერ დამხმარე სახელმძღვანელოების: „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ და „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით;
    • მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა პედაგოგის მიერ (პროექტული სწავლება).

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com