აჭარის მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობა ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას.

თუმცა, მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და გვჯერა, რომ ისინი არ მოტყუვდებიან.

საქმე ეხება სასამართლოში ფიზიკური პირის ქონების დავის საკითხს. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება.

ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი განცხადება არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რუსული გავლენების თემით მანიპულირების კამპანიის ნაწილი,“-ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com