მთავარი,სიახლეები

ათი მოსამართლე კოლეგის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე – დავით მამისეიშვილის განმარტება

26.02.2018 • 2754
ათი მოსამართლე კოლეგის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე – დავით მამისეიშვილის განმარტება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს, 26 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. „ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას, როცა მოსამართლეები უპირობოდ უცხადებენ უნდობლობას კოლეგას და სჯერათ იმის, რასაც ხელმძღვანელი ამბობს.

ბატონო დავით, ირაკლი შავაძემ ორი დღის წინ თქვა, რომ „თუ დავით მამისეიშვილი მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში“. დღეს თქვენი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად თქვეს, რომ ირაკლი შავაძე ცრუობს, როცა ზეწოლაზე საუბრობს. მოსამართლე, როგორც ვიცით, ეყრდნობა დადასტურებულ ფაქტებს. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, თქვენ უშლიდით თუ არა ხელს ირაკლი შავაძეს მართლმსაჯულების განხორციელებაში. მოსამართლეების ეს განცხადება გიქმნით თუ არა უხერხულობას? 

მოსამართლეთა განცხადება როცა ინტერნეტით გავრცელდა, მაშინ გავეცანი. იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ხანია მიცნობს მე, ვიდრე ბატონი შავაძე. ვინ ვინ და მოსამართლეებმა ყველაზე კარგად იციან ჩემთან ურთიერთობა.

ბატონი შავაძე რამდენიმე წლის წინ გამწესდა მოსამართლედ, ხოლო მე მე-6 წელია ვარ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ამიტომ ის მოსამართლეები, ვინც ეს განცხადება გაავრცელეს, მათთვის კარგად იყო ცნობილი ჩემთან ურთიერთობა, ჩვენი ერთმანეთთან დამოკიდებულება, მე როდისმე რაიმე ინტერესი მქონია თუ არა რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. თუკი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ეს მოსამართლეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში და არ მომიკითხავს არასოდეს მათ  წარმოებაში არსებული საქმეები, რატომ მაინცადამაინც შავაძეს მოვკითხავდი? ეს განცხადება გამოხატავდა განწყობას, თუ რა დამოკიდებულება მაქვს მე მოსამართლეებთან…

ერთია განწყობა და მეორეა, როცა მოსამართლეები უპირობოდ იღებენ ხელმძღვანელის პოზიციას და არ სჯერათ კოლეგის, რომელიც ამბობს, რომ თქვენ მასზე ზეწოლას ახდენდით. მათ ხომ ზუსტად არ იციან, თქვენ ახდენდით თუ არა ზეწოლას ირაკლი შავაძეზე? 

მოსამართლეებმა ამ შემთხვევაში გამოხატეს თავიანთი ვარაუდი და მოსაზრებები. ირაკლი შავაძე არის ერთი მოსამართლე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ათეულობით მოსამართლე მუშაობდა, რომლებთანაც მე მიწევდა როგორც სამოსამართლეო საქმიანობა, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეობა. ვინ ვინ და სწორედ ამ მოსამართლეებმა იციან, როგორი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, როგორი დამოკიდებულება მაქვს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მათი ვარაუდები არის გაჯერებული სწორედ ამ ფაქტებით, თუ როგორი ურთიერთობაც ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ამიტომ მე არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ეს განცხადება.

ბატონი შავაძის განცხადებები მიმართული იყო არა მხოლოდ ჩემი, როგორც დავით მამისეიშვილის დისკრედიტაციისკენ, არამედ მთლიანად სასამართლო კორპუსის წინააღმდეგ. ის თავის განცხადებაში უთითებს, რომ თითქოსდა ის არის წამებული, ის არის ბრჭყალებში ძალადობის მსხვერპლი, ხოლო დანარჩენი მოსამართლეები თითქოსდა ემორჩილებიან ჩემს მითითებებს, მან დანარჩენს 10 მოსამართლეს ბრალი დასდო ე.წ. მორჩილებაში. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ბატონი შავაძის განცხადებები, ამიტომ გამოთქვეს მათ ეს პოზიცია, თუ რატომ არ მიაჩნიათ ბატონი შავაძის განცხადებები საფუძვლიანად.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად იციან მოსამართლეებმა, როგორია თქვენთან მუშაობა. მაგალითად, მოსამართლე ირმა ტოგონიძე, რომელიც ახლახან გამწესდა მოსამართლედ და ისიც აწერს ხელს მოსამართლეების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. მან საიდან იცის, როგორ მუშაობთ თქვენ, ან ცრუობს თუ არა მოსამართლე ირაკლი შავაძე? 

სწორედ ამ ნაწილში ისინი უთითებენ, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის დიდი ხანი ცნობილი ჩემთან ნაცნობობა, იქ არ არის მითითებული, რომ ყველა მათგანი ირაკლი შავაძეზე უფრო ადრე მიცნობდა. ეს არის ზოგადი ტექსტი, რომელიც ალბათ მოსამართლეებმა ერთად, თათბირის შემდეგ გაავრცელეს. ვიმეორებ, ეს ჩემთვის ცნობილი გახდა, როცა ინტერნეტში გავრცელდა…

არავინ ამახვილებს ყურადღებას სამოსამართლეო ეთიკის წესებზე, მოსამართლეების დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონზე, ვინაიდან სამოსამართლეო ეთიკის წესებში განმარტებულია, რომ მოსამართლეს არ აქვს უფლება მეორე მოსამართლეზე გაავრცელოს ნეგატიური ინფორმაცია.

თუკი მოსამართლე ხედავს, რომ რაიმე ფორმით ხორციელდება ჩარევა, ან ზეწოლა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა  მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ქალბატონი ტოგონიძე როდესაც გაეცნო ამ ბრალდებებს ტელევიზიით, მისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან შეუძლებელია, რომ მოსამართლემ ორი წელი არაფერი განაცხადა, ვიდრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღო. რა გამოდის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ მას უვადოდ გაამწესებდა, მაშინ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა?

P.S. დავით მამისეიშვილთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: